როგორც “ნეტგაზეთს” ზემოხსენებული უწყებიდან აცნობეს, ჯგუფი, რომელშიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად მოქმედებს, დაზარალებულ სოფლებში უკვე იმყოფებოდა.
გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ დიცში, სადაც გასული თვის ბოლოს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ზოლი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისაკენ 120–150 მეტრით გადასწიეს, ამბობენ, რომ მათთვის ჯერჯერობით დახმარება არავის გაუწევია.
“გუშინ ელოდებოდა ხალხი მთავრობის წარმომადგენელს, მაგრამ არავინ მოსულა. ჩვენ ჯერ არავინ დაგვხმარებია”, – ამბობს დიცის მკვიდრი გოჩა სოსიაშვილი, რომლის შვილი 24 წლის როსტომ სოსიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს. 24 წლის დიცის მკვირდი ამჟამად ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. გოჩა სოსიაშვილის ინფორმაციით, ცხინვალში მისი სასამართლო პროცესი 14 ივნისს გაიმართება და სწორედ ამ დღეს გადაწყდება, გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებულს პატიმრობიდან.
რეინტეგრაციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე ესაუბრნენ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას, ასევე, 9 თემის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.
”მიმდინარეობს ინტენსიური მუშა პროცესი, შესწავლითი სამუშაოები და ამ ეტაპზე კონკრეტულ მონაცემებზე საუბარი ნაადრევია. მიღებული შედეგების მიხედვით, განისაზღვრება შემდგომი მოქმედებები”, – განაცახდა მარინა სალუქვაძემ, რომელიც სამუშაო ჯგუფში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს წარმოადგენს.
აღნიშნული ჯგუფის შექმნა 30 მაისს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე ქართულ სოფლებში მავთულხლართების ღობეების ინსტალაციის პროცესის შედეგად, ჯამში, 17–18 ოჯახი დაზარალდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენ ოჯახს და რა სახით უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლების, მათ შორის დიცის მოსახლეობა ყველაზე მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არარსებობას ასახელებს და საკითხის გადაჭრას ითხოვს. ის სარწყავი ნაგებობები, რომლებიც ქართულ სოფლებს წყლით ამარაგებდა, საოკუპაციო ზოლში მოხვდა.
