სნეპ: სამწუხარო და გაუგებარია წულუკიანის ნეგატიური პოზიცია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (სნეპ) ეხმაურება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრას, რომელზეც ძირითადი განხილვის საგანი იქნება პლატფორმის მიერ მომზადებული და პარლამენტის ხუთი დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

პლატფორმის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავს არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას, კერძოდ, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სანქციების ლიბერალიზებას, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ნარკოტიკის მომხმარებელთათვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებასა და ქვეყანაში პირველადი პრევენციული სისტემის დანერგვას.

როგორც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები და მოძრაობები აღნიშნავენ, მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში არ არის ერთგვაროვანი პოზიციები და ამ დრომდე სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, რათა უკეთესად მოხდეს დეპუტატების ინფორმირება კანონპროექტის შინაარსისა და მიზნების შესახებ და პრინციპულ საკითხებზე მიღწეული იყოს კონსენსუსი:

“განსხვავებით საკანონმდებლო ორგანოსგან, ცალსახად უარყოფითია მთავრობის დასკვნები კანონპროექტზე და სამწუხაროა, რომ ეს დასკვნები ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების პოზიციებს ემყარება. ასევე, სამწუხარო და გაუგებარია სამთავრობო უწყებების სრულად ნეგატიური პოზიციები ინიცირებული კანონპროექტის პრინციპებზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლებისა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან საჯაროდ არის დაფიქსირებული ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის განზრახვა.”

მათი განცხადებით, განსაკუთრებით ყურადსაღებია იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ დრომდე დაფიქსირებული პოზიციები, რომლითაც უწყება უარყოფითად აფასებს ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის პერსპექტივას და აგრეთვე არ იზიარებს პლატფორმის მოსაზრებებს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის პრინციპთან დაკავშირებით.

“იუსტიციის მინისტრი თავის 12 ოქტომბრის განცხადებაში კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება დეკრიმინალიზაციას და საუბრობს ამ დრომდე უკვე განხორციელებულ “რევოლუციურ ნაბიჯებზე”, რითიც კიდევ ერთხელ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრო ვერ ხედავს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შემდგომი სისტემური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეა წულუკიანის მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, რომ 2013 წელს იგი უშუალოდ იყო ჩართული მასშტაბური კანონოპროექტის მომზადების და ინიცირების პროცესში, რომლითაც ასევე იგეგმებოდა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვნად ლიბერალიზაცია,” – ნათქვამია სნეპ-ის განცადებაში.

პლატფორმის განცხადებით, მათთვის, ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ინიცირებული კანონპროექტის განხილვები პოზიტიურად დასრულდეს საშემოდგომო სესიაზე და დროულად მოხდეს ცვლილებების ამოქმედება:

“ამდენად, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოხატავს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზაობას, მათ შორის, სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობის და მათი კანონპროექტში ასახვის სურვილს, იმ დათქმით, რომ რეფორმის ძირითადი არსი და მიმართულებები არ შეიცლვება. პლატფორმა იმედს იტოვებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 16 ოქტომბრის შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული და მოხერხდება პოზიციების დაახლოება.”

ამ დროისთვის სამთავრობო უწყებებს გამოხატული აქვთ უარყოფითი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით.  სხვადასხვა უწყებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნები და მათზე პლატფორმის პოზიციები უფრო დეტალურად იხილეთ ამ დოკუმენტში.

12 ოქტომბერს გავრცელდა თეა წულუკიანის პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ “არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია”, რაც თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის გაუგებარია. იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ 13 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს.