კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის კონკურსი კომპანია “თბილქალაქპროექტმა” მოიგო. კონკურსი დღეს, 12 საათზე დასრულდა. ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კომისიამ ხარისხის ჯამურ შეფასებაში ყველაზე მაღალი ქულა “თბილქალაქპროექტს” მიანიჭა. კონკურსში სამი კომპანია- “თბილქალაქპროექტი”, “არტსტუდიო-პროექტი” და BWC მონაწილეობდა.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის შერჩევა ხმისნმიცემითაც იყო შესაძლებელი, რომლის  მიხედვითაც, მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ხმა “თბილქალაქპროექტმა” მიიღო ( 14 227); მეორე ადგილზე “არტსტუდიო-პროექტი“ (11127 ხმა), ხოლო  მესამე  ადგილზე BWC გავიდა (7 727 ხმა). 

კონკურსის პირობების თანახმად, შენობის დიზაინის გამარჯვებას ორი მაჩვენებელი განაპირობებს: ხარისხი და ფასი. ხარისხი, თავის მხრივ, ხუთი კრიტერიუმით ფასდება, ესენია ფუნქციონალური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება, მიწოდების ვადა და დიზანი. კომისიამ პირველი ოთხი კრიტერიუმი შეაფასა, ხოლო უკანასკნელის შერჩევა ხმის მიცემით იყო შესაძლებელი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.

“თბილქალაქპროექტის” დიზაინის მიხედვით, შენობა 7 სართულს მოიცავს, აქედან 3 სართული პარკინგისთვის, ხოლო 4 – სამუშაო სივრცისთვის. პროექტის  მთლიანი მოცულობა 22 000 კვ. მეტრი იქნება. ფართობში გათვალისწინებულია პავილიონები, პარკინგი და სხვა საერთო სივრცეები. “თბილქალაქპროექტის” დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა შშმ პირებზე იქნება მორგებული

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია. ფოტო: "თბილქალაქპროექტი."