სოფელ აკურის სკოლის რეაბილიტაციისას იატაკი ჩაინგრა და მუშა ჩავარდა

დღეს, 11 ოქტომბერს, კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისას იატაკი ჩაინგრა და მუშა ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ტელეიმედის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხერხემლისა და წელის მალების დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა “იმედს” განუცხადა, რომ დაშავებულს პირველადი დახმარება ჩაუტარდა, ხოლო მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ინტერვენციის მიზნით, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.