თბილისში სამმილიონიანი საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“, სავარაუდოდ, არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება.

თბილისში 3 მილიონი ლარის ღირებულების 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია საიამ დღეს გაავრცელა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, მათი განცხადების საფუძველს იძლევა შემდეგი გარემოებები:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელება გამორიცხულიყო და კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის ფორმად ელექტრონული შესყიდვა გამოეყენებინა.

როგორც საიაში აღნიშნავენ, კომისიის და შესაბამისი ორგანოების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დაგეგმილი შესყიდვის ელექტრონულად განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას. ამასთან, მათი განცხადებით, ელექტრონული შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირებდა იმ რისკს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებელი კომპანიის შერჩევას ახლავს თან.