სახელმძღვანელოების დაბეჭდვას “გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი და მვპ” უზრუნველყოფს.
როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის უკვე დაბჭედილია მილიონნახევარი სახელმძღვანელო.
“გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი და მვპ” ოთხ ქართული პოლიგრაფიული საწარმოს (შპს ფავოროტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ – 24 საათის სტამბა) და მასთან არსებული მცირე პოლიგრაფიული წარმოებების გაერთიანებით შეიქმნა და 9 ქართული სტამბა მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე.
უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემა 15 ივნისიდან ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
ტენდერი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია. როგორც მინისტრმა აპრილის თვეში განაცხადა, მოლაპარაკებების საფუძველზე შეირჩა 4-5 სტამბა. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი, როგორც მარგველაშვილი ამბობს, წიგნის ბეჭდვის ფასი იყო.
“ეს არის ძალიან სერიოზული შეკვეთა. ადრე წიგნები საქართველოს ფარგლებს გარეთ იბეჭდებოდა ძირითადად, რაც აისახებოდა ქვეყანაში სასტამბო სიძლიერის საკითხზეც. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, ვისაც აქვს ამხელა შეკვეთის “გაქაჩვის” შესაძლებლობა და მათ გარანტია მოგვცეს, რომ არ ჩააგდებენ შეკვეთას,”-განაცხადა მაშინ მარგველაშვილმა.
განათლების სამინისტროს ინიციატივა სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვასთან დაკავშირებით გამომცემლობების მუშაობაზე უარყოფითად აისახა.
წიგნის გამომცემლების თქმით, განათლების მინისტრის ბრძანებამ მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა. მათი მოლოდინით ბაზარზე შექმნილი კრიზისი წიგნების მრავალფეროვნებაზე უარყოფითად აისახება.