კვლევა: ივანიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 58% დადებითად აფასებს

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნების” საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 51 პროცენტი აფასებს. უარყოფით შეფასებას კი – 7,5 პროცენტი აკეთებს. რესპონდენტთა 32,6 პროცენტის შეფასება არის ნეიტრალური. 

 

კველევის პრეზენტაციისას სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ნეიტრალური მოსახლეობის რიცხვი არის მაღალი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ–მინისტრის დადებითი შეფასება აღემატება “ქართული ოცნების” დადებითად შეფასებას. ივანიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 58 პროცენტი “ძალზე” ან “ძირითადად” დადებითად აფასებს.

 

შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები გაიმართოს, მიიღებდით თუ არა მასში მონაწილეობას, გამოკითხულთა 76,6 პროცენტი დადებითად პასუხობს. ხოლო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს გამოკითხულთა 23,4 პროცენტი. 

 

არჩევნებში მონაწილეობის მზაობის მქონე რესპონდენტთა 63 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებში მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა. ხოლო 10 პროცენტი – “ნაციონალურ მოძრაობას”. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, გამოკითხულთა 55,1 პროცენტი მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭერდა, ხოლო 11,1% – “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევის ჩატარებს პერიოდში “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელებული არ ჰყოლია

 

კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24 აპრილი- 4 მაისის პერიოდში. გამოიკითხა 2 400 რესპოდენტი, ანკეტური გამოკითხვის მეთოდით, სრულიად ანონიმუარდ. მთლიანი კვლევის ცდომილება შეადგენს 2 პროცენტს. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ამ  კვლევის შედეგები NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) მარტის კვლევის შედეგებს ემთხვევა.