“მომიკითხეთ” – ასე უპასუხა ნეტგაზეთის კითხვას კახა კალაძემ იმის შესახებ, თუ რას უპასუხებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობით თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვიოს.
კახა კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ მას სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. ISFED-ის განცხადებამდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც განგვიმარტეს, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საარჩევნო კანონს დაარღვევდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციით, ვარსკვლავების თამაშზე 301 ათასი ლარი, ხოლო საქართველო-ირლანდიის მატჩზე 102 ათასი ლარი შეგროვდა. ფედერაციის ცნობით, ორივე თამაშიდან შემოსული 403 ათასი ლარი სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. ვარსკვლავების მატჩის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე.