მერაბიშვილს ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის გამო დაუმძიმეს

26 მაისი, 2011 წელი, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევა

2013 წლის 18 მაისს, ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.

 

ამჯერად წარდგენილი ბრალდება  ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა,ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილისთვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით,  “26 მაისს პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ “რუსთაველისა” და სხვა მიმდებარე ქუჩები.დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.

 

წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე,მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციისმოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიანმოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი (მათი სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება), დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი”.

მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

26 მაისთან დაკავშირებით ბრალი პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს 28 მაისს წარუდგინა. მერაბიშვილს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა. პროკურატურამ თავდაპირველად ბრალი ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენა. (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) , რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს ბრალდებები ეხება  2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და  კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას.  პირველ შემთხევაში პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ასევე დააკავეს და 22 თებერვალს აღმკვეთ ღინისძიიებად გირაო შეუფარდეს – ჯანდაცვის მინისტრი.

 

დღეს წარდგენილი ბრალდების გარდა, პროკურატურა სავარაუდოდ მერაბიშვილს ბრალს  კიდევ დაუმძიმებს სანდრო გირგვლიანის საქმის გამო. ამის თაობაზე პროკურატურამ მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა.