პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს

ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული  სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს.

კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია 26 სექტემბერს, 14 საათზე:

“საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს” – ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.