“პროკურატურის შესახებ კანონის ის დებულება, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, აგრეთვე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს “სპეციალურ სუბიექტად” განიხილავს და მათთვის შედარებით მაღალ იმუნიტეტს ითვალისწინებს (ანუ მათ დევნას მხოლოდ იუსტიციის მინისტრი ახორციელებს), ცალსახად გულისხმობს მოქმედი კაბინეტის
წევრებს, მოქმედ ელჩებს, ანუ თანამდებობაზე მყოფ მინისტრებს და თანამდებობაზე მყოფ ელჩებს და არანაირ შეზღუდვას არ აწესებს ყოფილ მინისტრებზე და ელჩებზე, რადგან კანონი იცავს თანამდებობას და არა ამ თანამდებობაზე ოდესღაც მომუშავე ადამიანს.
ერთადერთი თანამდებობა, რომლიდან ჩამოცილების შემთხვევაში, ყოფილი თანამებობის პირი გარკვეული ვადით ინარჩუნებს ამ ოდნავ მაღალ იმუნიტეტს, არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ისიც, მხოლოდ წინა მოწვევის ვადით, ანუ 4 წლით.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისგან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიურ რანგს, რაც მიუხედავად დასახელების იდენტურობისა, სრულიად სხვადასხვა ცნებებია. სისხლის საამართლებრივი დევნის სპეციალური სუბიექტია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, როგორც მოქმედი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირი და არა უმაღლესი დიპლომატიური რანგის, ანუ დიპლომატიური წოდების მქონე პირი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოება ზურაბ ჭიაბერაშვილისთვისაც კარგად არის ცნობილი, რაც მან დაასტურა კიდეც დაკითხვისას, როდესაც განმარტა, რომ აქვს უმაღლესი დიპლომატიური რანგი, მაგრამ არ იცავს იმუნიტეტი, მითუმეტეს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისას ზ.ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში და ბუნებრივია, იმავდროულად ვერ შეითავსებდა ელჩის თანამდებობას, ვინაიდან ამას კრძალავს კანონი.
აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის გრიგოლ ბარამიძის მიმართ, რომელიც მანამდე იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სომხეთში, ჰქონდა (და დღემდე აქვს) შესაბამისი რანგი, მაგრამ დევნა მის მიმართ განახორციელა რიგითმა პროკურორმა.
2004 წელს ქ. თბილისის პროკურატურამ დაიწყო კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის სისხლისამართლებრივი დევნა და ამ შემთხვევაშიც დევნა განახორციელა რიგითმა პროკურორმა.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ყოფილი მინისტრების: ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის, ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე განახორციელეს რიგითმა პროკურორებმა და ამის თაობაზე არავის და არსად პრეტენზია არ გამოუთქვამს, ვინაიდან სს დევნა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
ამრიგად, ექს-პრემიერ მერაბიშვილისა და ყოფილი ელჩისა და ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა კანონით დადგენილი წესით.”