პრეზიდენტი და ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივ პოზიცაზე შეჯერდნენ. ხუთპუნქტიანი დოკუმენტი ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას გუშინ გაეგზავნათ, თუმცა მმართველი გუნდი ამ შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ ხუთპუნქტიან დოკუმენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით:
საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ვითვალისწინებთ რა კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ, ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.
შესაბამისად, კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვალასა (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე:
ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი.
კონსენსუსის შედეგად შეთავაზებული საკითხები
საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის 150 წევრისაგან. ამავე ცვლილებით, აღნიშული საარჩევნო სისტემის ამოქმედება გადავადდა 2024 წლისთვის. შედეგად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი წესით.
დიდი ხანია აღიარებულია, რომ საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემა უსამართლოა, რადგან ამომრჩევლის ნება პროპორციულად არ აისახება საპარლამენტო მანდატებში. აღნიშნული სისტემის მთავარ ნაკლოვანებას სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი წარმოადგენს, რომელიც ქართულ რეალობაში უმრავლესობის მითვისების მთავარი ბერკეტია.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო მმართველი ძალის მიერ ინიცირებული ის საკითხი, რომელსაც ყველა პოზიტიურად აფასებდა, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადეობა. ეს ცვლილება პოზიტიურად იყო შეფასებული საერთაშორისო საზოგადოებების მიერ. შესაბამისად, ამ საკითხის გადავადებისთვის ხელისუფლებას არავითარი არგუმენტი არ გააჩნია.
ამავე ცვლილების თანახმად, მმართველი პოლიტიკური ძალას მიერ შემოთავაზებულია გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ე.წ. ბონუს სისტემა, საარჩევნო ბლოკების გაუქმება; ნარჩუნდება 5%-იანი ბარიერი.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მთავარი მიზანი მიღებული ხმების მანდატებში პროპორციულად გარდასახვის უზრუნველყოფა, დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება და წარმომადგენლობის უზრუნველყოფა იყო, რისი მიღწევაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გადაუნაწილებელი მანდატების პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პროპორციულად განაწილებით, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით და შემცირებული საარჩევნო ბარიერით.
მუხლი 37, პუნქტი 6. – პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს პროპორციულად მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენს მაინც.
საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. წარმოდგენილი ცვლილებებით, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი ფორმით არჩევის დღეს მოქმედი წესი და პრეზიდენტის არჩევა მოხდება არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმას. ამას მოწმობს ჩატარებული გამოკითხვები თუ სოციალური კვლევები. აღნიშნულზე თანხმდება საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური გაერთიანება (მმართველი პოლიტიკური ძალის გარდა).
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები: დემოკრატიის განვითარების ხარისხი, პარლამენტარიზმის მწირი ტრადიცია, და, რაც მთავარია, ამომრჩეველთა ინტერესები. სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი წესით არჩევა მისი მაღალი ლეგიტიმაციის განმსაზღვრელიცაა, რაც მის მიერ არბიტრის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
მუხლი 50. პრეზიდენტის არჩევის წესი
3.1. საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება
საქართველოს პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობის მის უფლებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიზანშეწონილია საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოხდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით (განსხვავებით წარმოდგენილი რედაქციისგან, როდესაც პრეზიდენტი უბრალოდ ახდენს პრემიერ-მინისტრის ნების ფორმალიზაციას).
მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა
3.2. თავდაცვის ძალების გამოყენება
სახელისუფლებო ბალანსის აღსადგენად და შესაბამისი რისკების აღმოსაფხვრელად, საომარი, ასევე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს, თავდაცვის ძალების გამოყენება უნდა მოხდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა დადასტურდეს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. გადაწყვეტილება კი საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ. ეს გამორიცხავს თავდაცვის ძალების მოქმედებას სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლის გარეშე (განსხვავებით წარმოდგენილი რედაქციისგან, როდესაც პრეზიდენტი, მიუხედავად მთავარსარდლობის კონსტიტუციური სტატუსისა, ფაქტობრივად არ მონაწილეობს თავდაცვის ძალების გამოყენების საკითხის გადაწყვეტაში).
მუხლი 72. თავდაცვის ძალების გამოყენება
3.3. ეროვნული უშიშროების საბჭო
კონსტიტუციური ცვლილებების კიდევ ერთი საკვანძო საკითხი არის მუდმივმოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროისათვის გათვალისწინებული ეროვნული თავდაცვის საბჭოს ინსტიტუციონალიზაცია. ცალსახად ვთვლით, რომ თავდაცვის ორგანიზაციაზე უწყვეტი მუშაობა არის პრიორიტეტი არსებული გამოწვევებისა და ფაქტობრივად მიმდინარე ჰიბრიდული ომის წინაშე მყოფი ქვეყნისათვის. ამიტომ, მისი ჩანაცვლება მხოლოდ კონვენციური ომის დროისათვის შექმნადი თავდაცვის საბჭოთი, ვერ შეესატყვისება არსებულ რეალობას.
ერთმნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკის ფორმირება და მისი უმაღლეს სტრატეგიულ დონეზე დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების ჩართულობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი. ამ ხედვის ფარგლებში, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების მონაწილეობით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების განსახილველად, მოსამზადებლად და კოორდინაციის მიზნით შექმნილი კონსტიტუციური ორგანო. შემოთავაზებულ ვერსიაში გარანტირებული იქნება პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა უშიშროების საბჭოში (ხელისუფლების ყველა განშტოების ჩართულობით); უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს წარმომადგენლობას კონსენსუსის საფუძველზე. ამავდროულად, საბჭოს სტრუქტურის, ხელმძღვანელობის, ფუნქციების, საქმიანობის წესის დარეგულირება ორგანული კანონით განისაზღვრება. ამგვარი მიდგომა შესაძლებელს გახდის, რომ სახწელმწიფოში არსებობდეს კონსენსუსზე დაფუძნებული, მაღალი ლეგიტიმაციის ერთი ინსტიტუტი, რომლის ქოლგის ქვეშ მოექცევა როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე სამოქალაქო კრიზისების კოორდინაციისა და მართვის მექანიზმები; გამოირიცხება ფუნქციების დუბლირება, გაიმიჯნება კომპეტენციები, გამარტივდება ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის; ამ უწყების ქოლგის ქვეშ წარიმართება ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი (სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება/კოორდინაცია) და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირება.
მუხლი 73. ეროვნული უშიშროების საბჭო
საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.
შემოთავაზებული კონსტიტუციური კანონის პროექტით უქმდება აღნიშნული რეგულაცია და პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შეცვალოს სამთავრობო შემადგენლობა (თუნდაც ყველა მინისტრი) ისე რომ არ მოითხოვოს პარლამენტისგან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.
აღნიშნული ასუსტებს საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებას. შედეგად მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში შენარჩუნდეს ნორმა, რომელიც ავალდებულებს მთვრობას მისი შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.
მუხლი 59. ნდობის გამოცხადება მთავრობის შემადგენლობის განახლების დროს
5.1. უზენაესი სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.“
საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და მის მიმართ ნდობის ამაღლებისათვის მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობდეს ის კონსტიტუციური ორგანოები, რომლებზეც პოლიტიკური გავლენის მოხდენის ნაკლები ალბათობაა. შესაბამისად, მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესში პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურის, მონაწილეობა. ამასთან, მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში არსებული კითხვებისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
მუხლი 61. უზენაესი სასამართლო
5.2. მოსამართლეთა უვადოდ განწესება
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ. ამ დებულების პარალელურად კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ გამწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის არაერთი დასკვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების ნორმა ამოღებულ იქნეს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან და მოხდეს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება ყოველგვარი გარდამავალი პრეიოდის გარეშე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი – გადასვლა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, არ არის რელევანტური თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის ტენდენციების მიმართ და უფრო მოძველებულობამდე კონსერვატულ მიდგომას განასახიერებს. კერძოდ, ამგვარი ტიპის საბჭოები და სწორედ პრეზიდენტის სათათბიო ორგანოს სახით, ფუნქციონირებენ არა მხოლოდ ნახევრადსაპრეზიდენტო (მაგ: პოლონეთში, რუმინეთში და საფრანგეთში), არამედ თანამედროვე საპარლამენტო და ასევე მკვეთრად მისკენ მიდრეკილ რიგ შერეულ რესპუბლიკებში: ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, უკრაინაში, ფინეთში და ხორვატიაში. ძალიან იშვიათად, ამ ტიპის საბჭო ფუნქციონირებს მთავრობასთან -დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. ერთგვარად ორიგინალური და რიგ შემთხვევებში ორმაგი დაქვემდებარებისა თუ თავმჯდომარეობის ვარიაციებია ესპანეთისა და თურქეთის (ყოფილ) შემთხვევებში. ამ შემთხვევებში სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი ერთდროულად არიან წარმოდგენილნი საბჭოს ხელმძღვანელობაში, ხოლო აპარატი კი ფუნქციონირებს მთავრობის ადმინისტრირების ქვეშ.