თბილისში, გერმანულ-ქართული ფესტივალი “კამერა ობსკურა ბერლინი X თბილისი” გერმანელი ფოტოგრაფისა და მსახიობის, მარგარიტა ბროიხის ფოტოგრამოფენით გაიხსნა. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, ფოტოპროექტი თეატრის მსახიობების შესახებ გვიყვება და ფარდის დაშვების შემდეგ მათ ემოციებს გვიჩვენებს:
“ყველა ფოტო გადაღებულია სპექტაკლის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ, სანამ მსახიობები გასახდელში შევიდოდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ადრენალინი ჯერ კიდევ მაღალია მსახიობებში, თუმცა, ამავდროულად, უკვე მშვიდად არიან, რადგან სპექტაკლი დასრულდა” – ამბობს ფოტოგრაფი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავება და მის ძირითად თემას ორი ქალაქის – თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზკონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით.
გერმანულ-ქართული ფესტივალი “კამერა ობსკურა” 23 სექტემბერს დასრულდება.