კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს ქუთაისის სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებას, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შეუფარდებენ.
რა შუამდგომლობით წარსდგებიან სასამართლოს წინაშე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატები, ჯერჯერობით უცნობია.
გიორგი გელახაურის განცხადებით, დაცვის მხარე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და არც პოზიციები აქვს შეჯერებული იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოითხოვს სასამართლო პროცესზე.
ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლანგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332 მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე] მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.