დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები აქციას მართავენ

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრემიერთან შეხვედრას და სკოლისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვენ, რათა იმავე ბაზაზე ახალი სკოლის დაფუძნება შეძლონ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, განათლების სამინისტროს დაპირების მიუხედავად, მოსწავლეები, რომლებიც დემირელის კოლეჯში გრანტით სწავლობდნენ, იმავე პირობებით სხვა სკოლაში გადასვლას ვერ ახერხებენ:

“სრულიად უკანონოდ შეუწყდა ავტორიზაცია დემირელის სახელობის კოლეჯს. ჩვენს შვილებს ოლიმპიადაში გამარჯვების შედეგად ჰქონდათ გრანტი მოპოვებული. 80, 90 და 100-პროცენტიანი გრანტი. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ სკოლა დააყადაღა, რადგან ჩათვალა, რომ მოპოვებული გრანტიდან სკოლას 22 პროცენტი უნდა ეხადა. სრულიად უკანონოდ შარშან, 16 სექტემბერს, სკოლა დააყადაღეს. ერთი წელი ვსწავლობდით დაყადაღებულ სკოლაში,  შემდეგ დავწერეთ ავტორზაციაზე განაცხადი და მოხდა ისე, რომ სკოლას სრულიად უკანონოდ მოეხსნა ავტორიზაცია” – ამბობს დალი ყარაულაშვილი.

ყარაულაშვილის თქმით, განათლების სამინისტრომ პირობა მისცა, რომ მისი შვილი და სხვა მოსწავლეები, რომლებიც გრანტით სარგებლობდნენ, სხვა სკოლაშიც იმავე პირობებით გადავიდოდნენ, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა:

“ჩვენ შევხვდით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც ამ სკოლაში გრანტით სარგებლობდნენ, იმავე პირობებით გადავიდოდნენ სხვა სკოლაში, მაგრამ ეს აღმოჩნდა სიცრუე. არც ერთი სკოლა არ ღებულობს ჩვენ შვილებს 80, 90 და 100-პროცენტიანი დაფინანსებით” – ამბობს დალი ყარაულაშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, რის შედეგადაც მათი შვილები ზარალდებიან:

“ჩვენი სკოლა პოლიტიკური მოტივითაა დახურული. თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნას ეწირება ჩვენი შვილების ფუნტამენტური უფლებები. სკოლაში 170 ბავშვია დარჩენილი, რომელიც გრანტით სწავლობდა და არც ერთი სკოლა არ სთავაზობს იმავე პირობებს. სახელმწიფოს მათი ბედი არ ადარდებს” – ამბობს თენგო შენგელაია.

დემირელის სკოლის მოსწავლის მშობლის თქმით, ისინი სკოლის შენობისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვენ, რათა მის ბაზაზე ახალი, სკოლის დაარსება შეძლონ:

“ჩვენ ვითხოვთ, რომ სკოლის შენობას მოეხსნას ყადაღა. აქვს სკოლას მეორე შპს, რომლის ბაზაზეც შეიძლება ახალი სკოლის შექმნა და დაჩქარებული წესით რომ მოგვცენ ავტორიზაცია. ფინანსთა სამინისტროს ეხება ყადაღის მოხდა. სკოლა მზადაა გადაიხადოს ის თანხა, რასაც ედავებიან” – ამბობს თენგო შენგელაია.

ეს მშობლების უკვე მეორე აქციაა. პირველი აქცია მშობლებმა განათლების სამინისტროსთან გამართეს.

დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. კოლეჯს ავტორიაზეა გაუუქმა ავტორიზაციის საბჭომ. 13/09/2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოვლენების ქრონოლოგია:

[checklist]

[/checklist]