“ქართული მარშის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კალაძის შტაბთან დააკავეს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი პოლიციამ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, კახა კალაძის ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან დააკავა, სადაც ნაციონალისტებმა აქცია გამართეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ლადო სადღობელაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

“მივმართავ “ქართული ოცნების” გენერალურ მდივან ბატონ კახა კალაძეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ბატონ  თალაკვაძეს, გამოვიდნენ ხალხთან და დადონ პირობა, რომ ქართული მიწა არ გაიყიდება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ აქციაზე.

მარშის მონაწილეები  აპროტესტებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში. თუ ამჟამად მოქმედი მორატორიუმის მიხედვით   უცხოელებს საქართველოში  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება არ აქვთ, ცვლილებები ასეთ უფლებას მიანიჭებს ბანკებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კალაძის შტაბთან მისვლამდე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და ფონდის დახურვას მოითხოვდნენ, თუმცა  გაუგებარია, რა კავშირშია ამ საკითხთან ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი. პოლიციამ მათ შენობასთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

“ქართული მარშის” წევრებს  თან ჰქონდათ  ტრასპარანტები, წარწერით “კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე – სოროსის მონები”.

 

აქციას დასაწყისშივე შეუერთდა დეპუტატი ადა მარშანიაც, თუმცა ის ფონდის საქმიანობის აკრძალვას არ ითხოვს.

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის ოფისის წინ სიტყვით გამოდის. 12.09.2017. სქრინი: ნეტგაზეთი

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის ოფისის წინ სიტყვით გამოდის. 12.09.2017. სქრინი: ნეტგაზეთი