მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პეტრო პოროშენკო მოიტაცებს უკრაინიდან და მის თავს ბიძინა ივანიშვილს გადასცემს, ის მზად არის ამისთვის. თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა, დაიცვას ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას ისაუბრა.
“თუ ეს ორი ოლიგარქი [პეტრო პოროშენკო და ბიძინა ივანიშვილი] მოილაპარაკებენ და შეასრულებენ პუტინის გეგმას, მომიტაცებენ უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს – თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? თქვენ მზად ხართ ასეთი დამცირებისთვის? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ყველა ნორმა ფეხქვეშ გაითელოს? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი თქვენსავე ცხოვრებაში გაანადგურონ საქართველოს ციხეში? მიიღეთ გადაწყვეტილება. მე ამისთვის მზად ვარ. მე თავი გადადებული მაქვს საქართველოსთვის და მზად ვარ, თავი გავწირო საქართველოსთვის ისევე, როგორც უკრაინელი ხალხისთვის და სამართლიანობისთვის,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს მისთვის ერთი ბრძოლაა, ხოლო დანარჩენი უკვე აღარ იქნება ივანიშვილის სასამართლო. სააკაშვილის განცხადებით, თუ ეს უსამართლობა მოხდება და გადაწყვეტენ ამ სახით მის განადგურებას, მაშინ ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება:
“მზად ხართ თუ არა, რომ დაუშვათ, თქვენ თვალწინ, საზოგადოების რაღაც ნაწილის პასიურობის პირობებში, ქართული სახელმწიფოებრიობის დამსამარებელმა ივანიშვილმა გაასამართლოს და გაანადგუროს ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. ეს არის თქვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველანი უნდა ვაგებდეთ პასუხს ჩვენს გადაწყვეტილებაზე.”
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანამ შეეძლო, საქართველო დაიცვა, რის მაგალითადაც 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.
“ახლა უკვე საკითხი დგას სხვანაირად. მე დავიცავი ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ჩემი სიცოცხლე მქონდა დადებული ჩვენი ქვეყნისთვის; არის მომენტი, როცა საკითხი დგას იმაზე, რომ პუტინმა შეიძლება საბოლოოდ აასრულოს თავისი გეგმები საქართველოს დამცველების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვარ. ძალიან მშვიდად ვეკიდები ამას იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება ეკუთვნის, პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინასაც. მოდით, ახლა ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ რა რეაქცია გვექნება ამაზე. ჩვენ ხომ ვერ დავრჩებით უბრალო მაყურებლად პუტინური სცენარისა,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად უკრაინის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას, მათ შორის, იულია ტიმოშენკოც. სააკაშვილის თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო ევროპარლამენტარებმა შესაძლოა სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა რუსეთთან საომარ ვითარებაშია, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეკრულია კრემლთან, რადგან უკრაინის პრეზიდენტს რუსეთში ბიზნესები აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკოს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ინტერესები ადარდებს და საქართველოში ბიძინა ივანიშვილთანაც ფულზე სასაუბროდ ჩამოვიდა. სააკაშვილი იმავეს აბრალებს ივანიშვილსაც და აცხადებს, რომ თავისი პრეზიდენტობის შემდეგ ერთი კაპიკიც კი არ წაუღია ქვეყნიდან.
საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს.