ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: საქართველოში სამკურნალოდ წასული ოსები დამცირებული არიან

30 აგვისტო, 2017 •
ბიბილოვი: საქართველოში სამკურნალოდ წასული ოსები დამცირებული არიან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოსურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს ქართულ კლინიკებში ოსი პაციენტების რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ:

“აუცილებელია ჩვენი პაციენტების მინიმიზირება საქართველოს კლინიკებში. არ მომერიდება ამ სიტყვების. იქიდან დაბრუნებული ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთან ქართული სპეცსამსახურები საუბრობენ, მეტი მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეობას სთვაზობენ. ვინც, მაგალითად, შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ყველაფერზე წავა და ვერავინ გაკიცხავს. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ იქ წასვლა არ მოუწიოთ და ასეთი დამცირება არ იგრძნონ, რასაც იქ განიცდიან ზოგიერთები”.

კითხვაზე, რას აკეთებს ოსური ხელისუფლება იმისთვის, რომ პაციენტები საქართველოს კლინიკებში სამკურნალოდ აღარ წავიდნენ, ბიბილოვი ამბობს:

“ვაპირებთ მოვიწვიოთ სპეციალისტები რუსეთიდან, ასევე ჩვენს სამედიცინო პერსონალს გავგზავნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთის ფედერაციის სერიოზულ კლინიკებში. კვოტები გვაქვს რუსეთის სამედიცნო უნივერსიტეტებშიც. ვფიქრობ, ჩრდილოეთ ოსეთთან ამ კუთხით მეტი მჭიდრო ურთიერთოება უნდა იყოს”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში “წითელი ჯვრის” მისიის ხელმძღვანელის, ფარუხ ისლომოვის განცხადებით, მხოლოდ 2017 წლის დასაწყისიდან ივნისამდე თბილისის სამედიცინო დასაწებულებებში 120 ოსი პაციენტია გადაყვანილი.

თბილისისა და საქართველოს სხვა კლინიკებში აფხაზი და ოსი პაციენტების რიცხვის ზრდის დინამიკაზე საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი