რესტორნის მშენებლობის დროს ცხინვალში კულტურული ძეგლი გაანადგურეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის უწყების ხელმძღვანელის, ნელი თაბუევას განცხადებით, ცხინვალში, ჯერ კიდევ 2009 წელს რესტორან  “პოდმოსკოვიეს” მშენებლობის დროს, ორ ათასწლეულზე მეტი დროის კულტურული ძეგლი მშენებლებმა გაანადგურეს.

“აბსოლუტურად შემთხვევით ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესტორნის მშენებლობის დროს გათხრილი იყო დიდი ზომის საძირკველი, სადაც აღმოჩენილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III  საუკუნეების ძვლები და საგნები, რომლებიც უცოდინრობით გაანადგურეს. ამჟამად რესტრონის უახლოეს მიდამოებში დაიწყება გათხრები. რასაც აღმოვაჩენთ, ყველაფერს დავაკონსერვებთ და ჩვენი განყოფილების დაცვის ქვეშ გადავა”, – ამბობს ნელი თაბუევა.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ოსეთში წინა წლებშიც მომხდარა.

“ქალაქის ადმინისტაციის ყველა უფროსს ვუგზავნით წერილს, სადაც ვთხოვთ, რომ ნებისმიერი ობიექტის მშენებლობისთვის საჭიროა ნებართვა ჩვენგან გაიცეს. ამასთან, გუვზავნით ყველა რაიონის კულტურული ძეგლების ნუსხას. თუმცა, როგორც წესი, ამ წერილებს გადადებენ და მაშინვე ივიწყებენ”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების განადგურების შემთხვევების შესახებ ოსური მედია წინა წლებშიც წერდა.

ცხინვალი; სამხრეთ ოსეთი; ფოტო: osinform

ცხინვალი; სამხრეთ ოსეთი; ფოტო: osinform