გორში, ზემო ბოშურის ტერიტორიის 1 ჰექტარზე წიწვოვანი ნარგავები იწვის

გორის მუნიციპალიტეტში, ზემო ბოშურის ტერიტორიის 1 ჰექტარის ფართობზე ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი წიწვოვან ნარგავებს უკიდია. ხანძრის ქრობის პროცესი დაწყებულია, თუმცა სამუშაოებს ხელს რთული, მიუდგომელი რელიეფი და ძლიერი ქარი უშლის.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა.