თურქეთიდან დასახმარებლად გამოგზავნილი ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში ჩაფრინდნენ

თურქეთიდან წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად გამოგზავნილი ორი ვერტმფრენი უკვე ბორჯომის ხეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

ამჟამად ბორჯომის ხეობაშია 3 ვერტმფრენი, აქედან ერთი აზერბაიჯანის კუთვნილი, 2 კი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. ქართული მხარე დახმარებას ელოდება სომხეთისგანაც.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სომხეთიდან 75 მეხანძრე-მაშველს ელიან საკუთარი ტექნიკით.  საქართველომ დახმარებისთვის ბრიუსელსაც მიმართა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკა მზად არის საქართველოს დასახმარებლად ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში. მისი განცხადებით, საელჩომ უკვე მიმართა ამერიკის სარდლობას გერმანიაში და იკვლევს გზებს დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად.

ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე მუშაობს სპეცტექნიკა  მდინარის კალაპოტთან.

სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი. მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. შტაბის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია.

ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა.

ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა კერების სრული ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე ევაკუაცია არ გამოცხადებულა და საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ამის საჭიროება არ არის, თუმცა ზოგიერთი მოსახლე თავისი ნებით ტოვებს ტერიტორიას.