ჰაკერული შეტევის შემდეგ სააგენტო “ექსპრესნიუსის” ყველა ფაილი განადგურდა

“ექსპრესნიუსის” მთავარი რედაქტორისა და დამფუძნებლის, ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა, შედეგად კი განადგურდა backup და ყველა ფაილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, “ექსპრესნიუსის” ვებ-გვერდი აღარ არსებობს.

როგორც ირაკლი მანაგაძე აცხადებს, კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას.

მისი ცნობით, სპეციალისტები უკვე მუშაობენ საიტის, მათ შორის უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეოარქივის აღსადგენად. “ექსპრესნიუსის” რედაქცია დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარს შეიტანს.  ისინი იმედოვნებენ, რომ მალე დადგინდება, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა კიბერდანაშაული.

2017 წლის 21 თებერვალს ჰაკერებმა “გურია NEWS”-ის ვებ-გვერდიც გატეხეს, რის შედეგადაც ყველა ინფორმაცია და ბაზები წაიშალა. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ის პირველი ნაწილით იძიებდა. სავარაუდოდ, სარჩელის შეტანის შემდეგ, “ექსპრესნიუსის” საქმეზეც იგივე მუხლებით დაიწყება გამოძიება.