უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ურაველისა და კასპის დაპირისპირებები განიხილეს

14 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელზეც სოფელ ურაველსა და კასპში მომხდარი ინციდენტები განიხილეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შს მინისტრის მოადგილემ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სოფელ ურაველში მომხდარის გამო 5 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. შემთხვევა 16 ივლისს მოხდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მას, თავის მამასა და შვილს თავს მერის ყოფილი მოადგილე და მისი თანმხლები პირები − თვითმმართველობის მოქმედი თანამშრომლები − ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს კასპში „პატრიოტთა ალიანსსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის მომხდარ ინციდენტზე. შს მინისტრის მოადგილის ცნობით, ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. პირველ ეტაპზე კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბება, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ კი სხდომები არანაკლებ კვირაში ერთხელ გაიმართება.

სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა, მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც.