დაპირისპირება აჭარის ორ სახელისუფლო გუნდს შორის

„როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრი, გამოვთქვამ გაკვირვებას ქალბატონ მედეა ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რადგან ვფიქრობ, რომ მას, როგორც ერთიანი გუნდის წევრს, ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით. მას თავისუფლად შეეძლო ჩემთან გადაემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია, ნაცვლად იმისა, რომ არსებული ფაქტის გარშემო მცდარი და ცილისმწამებლური ინტერპრეტაცია გაევრცელებინა საჯაროდ.

 

ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან როგორც მთავრობის აპარატის უფროსი, დაკავებული ვარ გაცილებით მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი საქმეებით, ვიდრე არაფრის მთქმელ გაურკვეველი შინაარსის განცხადებაზე განვრცობაა“, – წერს ირაკლი ჭეიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.

 

აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის ამ განცხადებას წინ უსწრებდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის სკანდალური განცხადება. დღეს დეპუტატმა, როგორც თავად განმარტა, „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძესთან პირადი საუბრის დეტალები გაასაჯაროვა. დეპუტატის თქმით, მერაბ ღოღობერიძე მას თავად „გამოუტყდა“, რომ პირადი მიმოწერის შემცველი ინფორმაცია მას მთავრობის აპარატის უფროსმა ირაკლი ჭეიშვილმა მიაწოდა.

 

მერაბ ღოღობერიძე ვასაძის განცხადებებს “ბინძურ პიარს” უწოდებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მერაბ ღოღოებრიძე ფეისბუქით სხვადასხვა პირების კერძო მიმოწერებს ავრცელებს. მერაბ ღოღობერიძის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმოწერაში ფიგურირებენ ჟურნალისტი თამუნა თაბუკაშვილი და გია დუმბაძე, რომელიც ჟურნალისტს სთავაზობს, 200 ლარის სანაცვლოდ მისი ავტორობით გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნდეს სტატია, რომელიც არჩილ ხაბაძესა და ირაკლი ჭეიშვილს ნეპოტიზმსა და კორუფციაში ამხელს.

 

მერაბ ღოღობერიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შორის ამ საკითხზე დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო: კერძო მიმოწერის გავრცელებიდან მეორე დღეს მედეა ვასაძემ მერაბ ღოღობერიძეს პროკურატურაში უჩივლა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თვლის, რომ ეს კამპანია პარლამენტარ მურმან დუმბაძის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციის ისახავს მიზნად.

 

აჭარაში ორი სახელისუფლებო გუნდის – აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობის დაპირისპიების შესახებ ინფორმაცია არაერთგზის გავრცელდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მხარეებმა კონფლიქტის დამადასტურებელი განცხადებები საჯარო გააკეთეს.