CNN–ის ცნობით, ქარხნის მიმდებარე ზონიდან ევაკუირებულია 2600 ადამიანი. ატომური ბომბის აფეთქებას ადარებს მომხდარს ქალაქ ვესტის მერი ტომი მუსკა, რომელმაც ტელეარხს განუცხადა, რომ აფეთქების შედეგად შავი, სოკოსებრი ღრუბელი წარმოიშვა.
ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ვარაუდობენ, რომ სასწრაფო დახმარების 2 თანამშრომლის გარდა, შესაძლოა დაღუპული იყოს 3 მეხანძრეც. მათი გათვლით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა 60–70 ადამიანამდე გაიზარდოს, რადგან დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, გარდა ამისა, სავარაუდოდ, ჩამონგრეულ შენობებში ადამიანები იმყოფებოდნენ.
აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია 15–მდე შენობა, ხოლო 50 მნიშვნელოვნად დაზიანდა. ჯერჯერობით, სასუქის ქარხნის ტერიტორიაზე მორიგი აფეთქების საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან იქ ჯერ კიდევ მძვინვარებს ხანძარი.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერებები იწვის, რაც იწვევს ადამიანის სხეულის დამწვრობასა და მოწამვლას.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია აღნიშნული აფეთქება და ხომ არ უკავშირდება იმ დივერსიულ აქტებს, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ–ში ხდება.
2 დღის წინ ბოსტონში ტერორისტულ აქტს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100–ზე მეტი კი დაშავდა. გარდა ამისა, გუშინ, 17 აპრილს, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი გაგზავნილი ერთ–ერთი წერილის შიგთავსი საეჭვო, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ნივთიერებას შეიცავდა. უცხოური მედიის ცნობით, საეჭვო წერილი თეთრი სახლის დისტანციური კონტროლის მეშვეობით უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა.
სი–ენ–ენის ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერების შემცველი წერილი ანონიმურმა წყარომ მისისიპის შტატის რესპუბლიკელ სენატორ როჯერ უიკერსაც გაუგზავნა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ეფ–ბი–აი აწარმოებს.