ახალი ამბები

EMC ხელისუფლებისგან ციხისძირის ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

18 აპრილი, 2013 •
EMC ხელისუფლებისგან ციხისძირის ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას აღნიშნულ საკითხზე:

 

“14 აპრილს სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინციდენტი მოხდა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს ციხისძირში მცხოვრები ცოლ-ქმარი. სამხედროები დაინტერესდნენ, რომელი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ მოქალაქეები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას რელიგიური ნიშნით.

 

ასევე, ციხისძირის მაცხოვრებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროპოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს რამოდენიმე გასროლა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა მოქალაქეებსაც.

 

მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება აღნიშნული თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, ვრცელდება ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებაც.

 

EMC გამოხატავს შეშფოთებას აღნიშნული  შემთხვევის გამო და ამ ფაქტს მიიჩნევს ბუნებრივ გაგრძელებად იმ ანტიმუსლიმური განწყობისა, რომელიც ბოლო დროს საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში შეინიშნება. 

 

რელიგიური ჯგუფების მიმართ გახშირებული დაპირისპირების გამო ნათელია, რომ ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გადაცდომას.  სახეზეა საზოგადოების სისტემური პრობლემა. ეს კი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განახორციელოს პოზიტიური ქმედებები საზოგადოებაში ტოლერანტობისა და სოლიდარობის დამკვიდრების თვალსაზრისით.

 

EMC მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროული და ეფექტური გამოძიებისკენ. შემთხვევა მოიცავს  სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან.

 

EMC კიდევ ერთხელ გამოხატავს  ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების ნაწილში არსებულ არატოლერანტულ და არასოლიდარულ განწყობებზე განსხვავებული ჯგუფებისმიმართ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი