
ოქროს სამაჯური მარიამ საჯაიასთვის
17 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ 3 500 ლარად შეძენილი ოქროს სამაჯური პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარიამ საჯაიას 2011 წელს გადასცა.
სამაჯური [ტიხრული მინანქარი, ოქრო] 3500 ლარად ნაყიდია თბილისში, შპს “გალერეა შარდენში”. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეძენილი ნივთის სასაქონლო ზედნადებს ასევე ახლავს აქტი, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ შეძენილი სამაჯური გადაეცა პრეზიდენტის სტუმარს მარიამ საჯაიას.
მარიამ საჯაია იმ დროისთვის 20 წლის იყო და სავარაუდოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. პრეზიდენტის დასაჩუქრებიდან მალევე, 2012 წლის თებერვლიდან ის სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტია.
2012 წლის მაისში კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში კენჭისყრის უფლება მიეცა საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან. 21 წლის მარიამ საჯაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სიის მეათე ნომერი იყო და დეპუტატი გახდა.
ტელეფონი თინათინ ბოკუჩავასთვის
2012 წლის 10 იანვარს შეძენილია iPhone 4s16Gb Black 1599 ლარად ბიუჯეტის სახსრებით, რომელიც გადაეცა თიკა ბოკუჩავას. ბოკუჩავა ამჟამად არის პარლამენტის წევრი, იმ დროისთვის იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.
ივანა მელაი
გამოქვეყნებული დოკუმენტებით, 2011 წლის 13 აპრილს შეძენილია ძეწკვი და კულონი 982 ლარად, რომელიც გადაეცა უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის.
ამას გარდა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ არის დაფინანსებული ივანა მელაის სასტუმროს მომსახურების ხარჯი “რედისონ ბლუ ივერიაში” 2011 წლის მარტში და აპრილში, ჯამში, 1311.44 ლარი.
2012 წლის 23 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს ივანა მელაის მამა 1961 წელს დაბადებული სვიატოსლავ ვიქტორის ძე მელაი. აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
საჩუქრები სოფო ნიჟარაძეს
2011 წლის ოქტომბერში დაფინანსებულია სოფო ნიჟარაძის ავიაბილეთი 245.80 ლარი – თბილისი-ბათუმი-თბილისი. 2011 წლის მარტში დაფინანსებულია 1125 ლარით 15- კაციანი დელეგაციის ფრენა მესტიაში, დელეგაციაშია სოფო ნიჟარაძე, ნიკა ალასანია და მისი მეუღლე ლიკა ევგენიძე.
ყელსაბამი ქსენია სოკოლოვას
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიხადა 2010 წლის 3-4 ოქტომბერს ქსენია სოკოლავას სასტუმროს ხარჯი – 9598 ლარი, ხოლო ზარაფხანაში უყიდეს 2765 ლარის ღირებულების ყელსაბამი.

