საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამტკიცებს, რომ დეპუტატ მარიკა ვერულაშვილზე ზეწოლა ხორციელდება:
“ვიცით, რომ ქალბატონი მარიკა არის რთულ მდგომარეობაში. მასზე მთელი თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა ზეწოლა, ის არის რთულ პირობებში, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უკავშირდება 19 აპრილის აქციას, ამ ფორმით პოზიციის დაფიქსირება ღიმილს იწვევს ჩვენში. გვესმის მისი მდგომარეობაც, მისი პოზიციაც. ამ საქმესთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთების უფლებას თავს ვერ მივცემ”.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას სისულელეს უწოდებს:
„ეს არის სისულელე, ვერულაშვილი არის თბილისში და თუ ვინმე მასზე ახდენდა ზეწოლას, შეგიძლიათ ჰკითხოთ. მას არ გაუჭირდებოდა ამის თქმა და აღიარება, ასევე არ გაუჭირდებოდა ამის დასადასტურებლად კონკრეტული ფაქტების მოყვანა. ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ არის ურცხვი განცხადებები.“ნაციონალურ მოძრაობას“ ყველფერზე შეუძლიათ განცხადების გაკეთება და მსგავსი ბრალდებების წაყენება ჩვენთვის. ალბათ, თავად მარიკა გასცემს პასუხს, იყო თუ არა რაიმე ფორმის ზეწოლა. ქალმა თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გენმდივნობა იყო მისთვის მიუღებელი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი არჩევნების წაგებაშიო – ეს მოიყვანა მიზეზად და მას უფლება აქვს, რომ დატოვოს ნაციონალური მოძრაობა, არაფერ შუაშია აქ „ქართული ოცნება“.
მისივე მტკიცებით, არავის ეშინია 19 აპრილის აქციის:
„მეც შემიძლია მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიდეს ამ 19 აპრილს, ვინც თვლის, რომ ციხეებში წამება უნდა დაბრუნეს, ცოცხებით, მაპატიეთ და, გაუპატიურება უნდა დაბრუნდეს, ვინც თვლის, რომ ის უმძიმესი ვითარება, რაც იყო სასამართლოში, უნდა დაბრუნდეს, პოლიტიკური მოტივით საქმეების წარმოება უნდა დავაბრუნოთ, საკუთრების ჩამორთმევის ტენდენციები უნდა დაბრუნდეს. ამ უსამართლობების დაბრუნება თუ უნდა ვინმეს, შეუძლიათ გამოვდინენ და მიიღონ მონაწილეობა 19 აპრილის აქციაში. არავის არ ეშინია ამ მიტინგის. მე ვფიქრობ, ის იქნება თანამონაწილე იმ ყველა უბედურების, რაც ხდებოდა მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში.“
ვერულაშვილი დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ პარტიის დატოვების შემდეგ. ის თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მივიდა. ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიას წერილი არაფერ შუაში არ არის 19 აპრილის აქციასთან:
“ეს არის დათა ახალაიას დამსახურებილი საჩუქარი იუბილარ ვანო მერაბიშვილისადმი. ორი დღის წინ სწორედ ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე იყო. მე მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას და მას კიდევ მოუწევს ძალიან ბევრი რამის მოსმენა. ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს”.
ვერულაშვილი ამბობს, რომ მასზე ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება პირადი ინიციატივით მიიღო.
