ნარმანია: საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემა მასობრივი არ არის

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, საპატრიარქოსთვის თბილისში მიწების გადაცემა მასობრივი არ არის და იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაა. რესპუბლიკელების ცნობით კი, მხოლოდ 6 თვეში საპატრიარქოს 9 მიწის ნაკვეთი, მთლიანობაში 16 590 კვადრატული მეტრის ფართობი გადასცეს.

“იქ, სადაც ეკლესია-მონასტრები დგას და საპატრიარქოდან არის მოთხოვნა ეკლესიების ქვეშ არსებული ტერიტორიის და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს შესაბამისი თხოვნისა და კომისიური გადაწყვეტილებების საფუძველზე, შემდეგ უკვე დედაქალაქის მთავრობა გადასცემს საპატრიარქოს შესაბამის ტერიტორიებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას განცხადებით, საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემა მასობრივი არ არის, მაგრამ თხოვნის შემთხვევაში მათ მიწებს გადასცემენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამ ადგილას გადასცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები.

20 იანვრის სხდომაზე კი საპატრიარქოს ოქროყანის დასახლებაში გადასცეს 1545 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფაქტობრივად არ არის თბილისის საკრებულოში სხდომა, სადაც საპატრიარქო არ ითხოვდეს მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომელსაც საკრებულოს წევრები უსიტყვოდ მხარს უჭერენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com