პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გერმანიაში მამალაძეს შეეძლო თეთრუაშვილის მოწამვლა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაიკითხა 100-მდე მოწმე.

“ყველამ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების ეტაპზე აქვთ მიცემული. ჩვენი მოლოდინი, რომ დავამტკიცებდით ბრალდებულ გიორგი მამალაძის გარემოებას, მართლდება და ყველა დაკითხული მოწმე ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს”, – აცხადებს პროკურორი.

ზვიად გუბელაძე პუნქტობრივად ავითარებს ბრალდების მხარის ვერსიას დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, პროკურატურის მოწმეებმა სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დაადასტურეს.

საქმე ის არის, რომ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დაესწროს აღნიშნულ პროცესებს, ვინაიდან პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დახურულია, ამის გამო ჟურნალისტებს, მათ შორის არც ნეტგაზეთის რეპორტიორებს, არ აქვთ საშუალება უშუალოდ გაეცნონ საქმის მასალებს, მოუსმინონ მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს სასამართლოში და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ მოწმეთა ჩვენებების შესახებ განსხვავებულ ვერსიებს აწვდიან ჟურნალისტებს პროკურორები და ადვოკატები. ადვოკატები უარყოფენ პროკურატურის მონათხრობს, რომ მოწმეები ადასტურებენ მამალაძის ბრალეულობას.

100-ზე მეტი მოწმის დაკითხვის შემდეგ პროკურატურა აცხადებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა, თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობები, ხოლო ადვოკატები ამ ცნობებს უარყოფენ.

პროკურატურის ცნობით:


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის გარემოცვასთან ერთად. მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება. პროკურატურის ვერსიით, თეთრუაშვილი ხელს უშლიდა მამალაძეს კარიერულ წინსვლაში. დეკანოზი მამალაძე ბრალს უარყოფს. ადვოკატების ცნობით, ციანიდის ყიდვა მას თავად თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ უყიდია და შესაბამისად, იგი აცხადებს, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნის. დეკანოზის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც ისინი საქმის მასალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. დახურულია სასამართლო სხდომებიც.