ქსენოფობიური მარშის გამო თურქული ბარ-რესტორნების ნაწილი არ მუშაობს

ე.წ. ქართული მარშის ქსენოფობიური მსვლელობის გამო აღმაშენებლის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თურქული რესტორნები არ მუშაობს. ასეთია, მაგალითად, რესტორანი “ანკარა” და “ვარდების მოედნის” ქვემოთ მდებარე ბარები.

ქსენოფობიური აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები მოითხოვენ, ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. დღეს პლატფორმა “არა ფობიამ” აღნიშნულ მარშთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა ე.წ. ქართული მარშის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილონ რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

“მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.