“ზარალის ზუსტი ოდენობა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”. მათივე ცნობით, მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა:

 

“საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურები გადასულია საგანგებო რეჟიმზე, შექმნილი პრობლემის სრულფასოვანი აღმოფხვრა მოხდება დღის ბოლომდე.”

 

“საქართველოს რკინიგზის” ცნობით, დღეს,  8 აპრილს, დაახლოებით 07:00 სთ–ზე სადგურ ლილოსთან არსებულ სარკინიგზო ჩიხში მოძრავი შემადგენლობის მანევრირებისას მოხდა ვაგონების ჯგუფის ლიანდაგიდან აცდენა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დღეს, დაახლოებით 07:30 საათზე სარკინიგზო ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც სატვირთო მატარებელი თბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ ლიანდაგიდან გადავარდა და 60-ტონიანი ცისტერნებიდან საწვავი დაიღვარა.

 

ავარიის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. სიტუაციის შესწავლის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური ინსპექციისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

“საქართველოს რკინიგზის” ცნობით, შემთხვევის შედეგად საფრთხე არ შექმნია მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და მოძრაობის განრიგს:

 

“სახანძრო და სამაშველო სამსახურებთან ერთად ოპერატიულად გატარდა შესაბამისი სამუშაოები, რის შედეგადაც ლოკალიზებული და თავიდან აცილებული იქნა ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის საფრთხეები”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *