ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტებმა შენიშვნები გამოთქვეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევის გეგმასთან დაკავშირებით.
ზემოხსენებული დისკუსიის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომის ოფიციალური ოქმიდან გახდა ცნობილი. სხდომა 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.
ოქმში ვკითხულობთ, რომ გიორგი ჭირაქაძეს შემდეგი ტიპის განცხადება გაუკეთებია:
” უცხოელი მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აგრობიზნესების დაფინანსებაში, და აგროსექტორს შეეზღუდება ფინანსებზე წვდომა”.
მაიქელ ქოუგილმა, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა კი, “გამოხატა თავისი წუხილი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა არასაკმარის კომუნიკაციას კერძო სექტორთან, რის გამოც ამერიკის სავაჭრო პალატის ბევრი წევრი ვერ ხვდება თუ რა დგას ამ ინიციატივის უკან”.
ბრუნო ბალვანერა, კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის დირექტორი, ევრობანკი:
” სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოტენციალია, ამიტომ უნდა არსებობდეს გამონაკლისი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის”.
ასევე, ჭირაქაძემ ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა 94-ე მუხლის, ანუ ე.წ. თავისუფლების აქტის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
სხდომის ოქმის მიხედვით, “გიორგი კვირიკაშვილმა, თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა ბატონი ჭირაქაძის მიერ ნახსენები თემების აქტუალურობა”.
ინვესტორთა საბჭოს ესწრებოდნენ:
ინვესტორთა საბჭოს შესახებ
ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს “დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად”.
“ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი”.
2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.