ადამიანის უფლებათა ცენტრის მოსაზრებები, რატომ უნდა გაიხსნას დეკანოზ მამალაძის სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება  სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომების დახურვის  ლეგიტიმურ მიზანს, აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას წინ უძღოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს  ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან, განერიდებინათ დაცვის მხარის  შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა  მოწმის მიერ ფაქტობრივი გარემოების კონკრეტულ დადასტურებას ან უარყოფას.

ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების წარმომადგენელმა მოწმეებმა, რომელიც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან  საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე.

მათი ცნობით, დაკითხეს გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს, თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ან რატომ არ აიღეს დნმ-ის კვალი თუნდაც  იმ ვერსიის გადასამოწმებლად, როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა.

[checklist]

[/checklist]


დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ედება პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

გამოძიების ცნობით, დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაააკევს, როდესაც ბერლინში მიემგზავრებოდა. გამოძების ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი მისი ბარგიდან ამოიღეს.