ახალი ამბები

მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტები საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ

3 ივლისი, 2017 • 2775
მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტები საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორის, კამილა მამედოვას განცხადებით, სათემო რადიოს ჟურნალისტებზე ზეწოლა მაჟორიტარ დეპუტატებზე გამოქვეყნებული მასალების გამო ხორციელდება. მათ პოლიციას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის თაობაზე საჩივრით მიმართეს:

“ჩვენ დიდი ხანია არავის მოვწონვართ, რადგან ისეთი მასალები არ იდება, როგორსაც მიჩვეულები არიან მარნეულში. აქცენტები კეთდება ისე, რომ პრიორიტეტი იყოს მოსახლეობის ინფორმირება, რაც სათემო რადიოს პრინციპებია და ჩვენ ვცდილობთ ეს პრინციპები შევინარჩუნოთ და განვახორციელოთ. მე დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარი დეპუტატების ამბავია იმიტომ, რომ მათი ლობირებით ხდება აქ ყველაფერი, ტაშის დაკვრა უყვართ და დღეს რომ ჩვენ ტაშს არ ვუკრავთ და ჩვენთვის ვმუშაობთ, ფაქტებს ვდებთ და სალაპარაკო არ აქვთ, იმიჯი ელახებათ და ამის გამო მიდის ეს ზეწოლა” ,- განაცხადა მამედოვამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, სხვადასხვა მასალის გამო მას და მის ჟურნალისტებს კომენტარზე უარს ეუბნებიან, ასევე მიუთითებენ იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მასალები არ გამოქვეყნდეს. ბოლოს კი “ფეისბუქზე” დარეგისტრირებულმა ყალბმა ანგარიშმა მამედოვას ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერით გამოაქვეყნა.

კამილა მამედოვა მიიჩნევს, რომ მათზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეპუტატების მოსაზრებები გამოქვეყნდა.  

“როდესაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის,  აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნლისტებმა პერფორმანსი გააკეთეს კომიტეტის სხდომაზე, სალამან მირზოევს დავურეკე კომენტარზე, რადგან ამ კომიტეტის წევრია. მაშინ გაირკვა, მითხრა, რომ მე თქვენი ჟურნალისტის მიმართ მაქვს პრეტენზია იმიტომ, რომ [მასალა] ცინიკურია და არ შეესაბამება სიმართლეს. მე მას ვუთხარი, რომ თუ მას ჰქონდა რაიმე პრეტენზია ჩვენ მიმართ, რატომ არ დაგვიკავშირდა და რამე კონტრარგუმენტი თუ არსებობდა, ამას გავაშუქებდით”,- ამბობს მამედოვა.

გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი ადასტურებს კამილა მამედოვასა და მას შორის სატელეფონო საუბარს:

“ეწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავალან მირზოევი გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატია, ყველაზე მეტად აქტიურობს მარნეულში, მე ვკითხე, ამას რის საფუძველზე ამბობდნენ. მითხრა, რომ გამგეობის მიერ გავრცელებული ფოტომასალებიდან. მე ვთხოვე ამ მასალების გადმოგზავნა, იმის შემდეგ ერთი თვე გავიდა არც მე შევხმიანებივარ, არც თავად. ამის შემდეგ საუბარი არ გვქონია”, -ამბობს ის,

ამის შემდეგ სოფელ ქუთლარის გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეორე სოფლის მკვიდრებს შეაგინა,  რისი ამსახველი ვიდეოც მარნეულის სათემო რადიომ გამოაქვეყნა:

“ჩამოვიდა ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწე, ასევე იყო “ევროპული საქართელოს” წარმომადგენელი აკმამედ იმამკულიევი და მოხდა შეხლა-შემოხლა და ჩვენ ვიდეო გვქონდა გადაღებული. დარგალმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის თანაშემწემ გვთხოვა, რომ ეს ვიდეო არ დაგვედო, მაგრამ ჩვენ ვიდეო დავდეთ. ამ ვიდეოში განსაკუთრებული არაფერია. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ არ სურდა ამ ვიდეოს გამოქვეყნება, რადგან იმამკულიევი არ აძლევდა საშუალებას, მოსახლეობისთვის მიემართა. უბრალოდ, იმიჯის საკითხი იყო. ამის შემდეგ უსაყვედურეს ჟურნალისტებს”,- ამბობს მამედოვა.

უკვე მესამედ კიდევ ერთი მასალის გამო გაუნაწყენდნენ მარნეულის სათემო რადიოს. მასალა ქვემო ქართლში სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის უკონკურსოდ დანიშვნას ეხებოდა. ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ შეიქმნა ყალბი ანგარიში “ფეისბუქზე”, სადაც მამედოვას ფოტოები გამოქვეყნდა შეურაცხმყოფელი კომენტარებით და  რადიოდან გაგდების მუქარით. 

ჟურნალისტზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა. საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ადეკვატურად გამოიძიონ ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი