ბათუმში, პუშკინისა და ჰაიდარ აბაშიძის (ყოფილი ტურგენევი) ქუჩების კვეთაში არსებულ დისკო კლუბ „სტარში“ მუშაობა ღამის 10 საათის შემდეგ იწყება, თუმცა კლუბის დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობის დარბაზი, ძირითადად, 11 საათის შემდეგ ივსება. 

 

დარბაზის ცენტრში ნიკელის ბოძი დგას, რომლის გარშემოც პატარა მაგიდებია. გოგონები ამ მაგიდებთან სხდებიან. შესვლა კაცებისთვის 30 ლარი ღირს, ქალებისთვის უფასოა. კაცები სვამენ და ეწევიან. მოკლე ქვედა ბოლოებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარი გოგონები კი ცეკვავენ სარკესთან. სარკე საცეკვაო არენის წინაა. 

 

დარბაზში 30-მდე გოგოა. მოცეკვავე გოგონებს თანდათან სხვადასხვა ასაკის მამაკაცები უერთდებიან. გოგონების უმრავლესობა შუა აზიის ქვეყნებიდანაა.

 

კლუბი მეორე სართულზეა. კიბის შუა მონაკვეთიდან დერეფანი ხელმარცხნივ გადის  – კარს აწერია სასტუმრო, ანუ კლუბიდან გარეთ გამოსვლის გარეშე, შიდა დერეფნით სასტუროში გადადიხარ.

 

სწორედ “სტარში” და კიდევ ბათუმში არსებულ ანალოგიურ კლუბებში – „ბომბასა“ და „არენაში“ სამუშაოდ ჩაიყვანეს 4 მარტს უზბეკეთიდან ოთხი გოგონა. 

 

უზბეკეთის მოქალაქე დილშოდა მანსუროვამ გოგონები თურქეთში დასაქმების პირობით წამოიყვანა, თუმცა ბათუმში ოთხივეს უთხრეს, რომ სექს-მუშაკებად უნდა ემუშავათ ღამის კლუბებში. 

 

გოგონების ისტორია

 

უმიდა (სახელი შეცვლილია) 23 წლისაა. ოთხი წლის შვილი ჰყავს, გულის მანკით დაავადებული. ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი სასწრაფოდ საოპერაციოა, ამის გამო, სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მისი მეგობრისგან შეიტყო, რომ თურქეთში მიდიოდა სამუშაოდ – მიმტანად და თვეში 800 დოლარს გამოიმუშავებდა.

 

„მიმტანად ადრეც ვმუშაობდი მოსკოვში და ეს საქმე კარგად ვიცი, ამიტომ ვიფიქრე, ბინის გაყიდვას გადავრჩები და მეგობართან ერთად მეც წავალ თურქეთში-მეთქი. მე კორეაში უფრო მინდოდა წასვლა, მაგრამ რახან მეგობარი თურქეთში მიდიოდა, მასთან ერთად გადავწყვიტე წასვლა. ფეხმძიმედ ვარ, მაგრამ 6-7 თვე მაინც შემეძლო მემუშავა, ამიტომ მეგობარს ვთხოვე, რომ მეც წავეყვანე“.

 

მეგობრის საშუალებით უმიდამ დილშოდა მანსუროვა გაიცნო, 34 წლის ქალი, რომელიც უზბეკეთში გოგონების ჯგუფს აგროვებდა, ვისაც თურქეთში სამუშაოდ გამგზავრება სურდა.

 

„საბოლოოდ, ოთხი გოგო წამოვედით უზბეკეთიდან, ოთხივე ერთმანეთის მეგობარი ვიყავით. დილშოდამ გვითხრა, რომ 500-500 დოლარი მიგვეტანა თითოს თვითმფრინავის ბილეთებისთვის, დანარჩენ თანხას კი, როგორც თვითონ თქვა, თითოზე 1000 დოლარს, თავად დაამატებდა და მერე უნდა გაგვესტუმრებინა მისთვის ეს ფული, როცა თურქეთში ჩაგვიყვანდა და დაგვასაქმებდა“.

 

სეიდა (სახელი შეცვლილია) 22 წლისაა, მას ორი შვილი ჰყავს, 2 თვის ტყუპები. ქირით ცხოვრობს და იმისათვის, რომ ბინა ეყიდა, მეგობრებთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. დილშოდამ უთხრა, რომ ძიძად დაასაქმებდა და თვეში ისიც 800 დოლარს მიიღებდა ანაზღაურების სახით.

 

„როდესაც აეროპორტში მივედით, დილშოდამ გაგვაფრთხილა, რომ პასპორტების შემოწმების დროს, როცა პოლიცია აეროპორტში შეგვეკითხებოდა, თუ სად მივდიოდით, გვეთქვა – თბილისში. მან გვითხრა, რომ თბილისიდან უპრობლემოდ ჩაგვიყვანდა თურქეთში“.

 

გოგონები დილშოდა მანსუროვასთან ერთად თბილისში ალმა-ატიდან 4 მარტს ჩამოფრინდნენ და იქიდან ბათუმში გაემგზავრნენ.

 

„ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №2ა-ში მიგვიყვანა დილშოდამ, სადაც ბინა ჰქონდა დაქირავებული. მოგვცა ტელეფონის სიმ ბარათები და გვითხრა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის გვეთქვა, რომ კარგად ვიმგზავრეთ და დავბინავდით. ასეც მოვიქეცით,“ – ამბობს უმიდა.

 

ამის შემდეგ დილშოდამ გოგონებს პასპორტები გამოართვა და უკან მხოლოდ ქსეროასლები დაუბრუნა.

 

„გვითხრა – აქ არის დისკოკლუბები – „არენა“, „ბომბა“, „სტარს“, წადით  და იმუშავეთო. სექს-მომსახურება უნდა გაგვეწია კლიენტებისთვის. გვითხრა, რომ მთელი ღამით თუ მოვემსახურებოდით კლიენტებს, 300 დოლარს ავიღებდით, ერთჯერად მომსახურებაში კი – 50 დოლარს.

 

მე ვუთხარი, რომ ასე არ ვიყავით შეთანხმებულები და არ ვაპირებდი დისკოკლუბში მუშაობას. ამაზე ძალიან გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი, ჩხუბი, მერე ამოიღო ჩემი პასპორტი და ჩემს თვალწინ ორი ფურცელი გადახია“, – იხსენებს უმიდა – „დედაჩემთან დარეკვა მოვასწარი და ვუთხარი, რომ პოლიციისთვის მიემართა. დილშოდამ ტელეფონი წამართვა, დამიწყო ცემა, ყვირილი, მაგრამ მიხვდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა ჩემს გამო და ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტა“.

 

უმიდა იხსენებს, რომ დილშოდამ ვიღაცასთან ტელეფონით დარეკა და უთხრა: „შენ მე ერთ გოგოს შეგპირდი და მოგიყვან, ფულს მომცემ და დაგიტოვებო.“

 

მეორე დღეს უმიდა და სეიდა დილშოდამ სახლიდან გაიყვანა:

 

„ცოტა მანძილი გავიარეთ ფეხით და ერთ სახლში მივედით, სადაც დაგვხვდა ე.წ. „მამა როზა“, ვიღაც კაცი და საკმაოდ ბევრი უზბეკი გოგონა. როგორც კი მივედით, “მამა როზამ” დაცინვა დაგვიწყო, მოატანინა პასტა და ფურცელი და გვიბრძანა, დაგვეწერა, რომ ჩვენი ნებით მივედით და ჩვენი ნებით ვაპირებდით მუშაობას. გვემუქრებოდნენ ცემით. შეგვეშინდა და ეს ხელწერილები დავწერეთ“.

 

მას შემდეგ, რაც გოგონებმა ხელწერილები დაწერეს, დილშოდამ სეიდას უთხრა, რომ დაერეკა შინ დარჩენილი ორი გოგონასთვისაც, რომ ისინიც „მამა როზას“ სახლში მისულიყვნენ.

 

„სამზარეულოში გავედი, დავრეკე გოგონებთან და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ პოლიციაში გაქცეულიყვნენ,“ – იხსენებს სეიდა.

 

გოგონებმა დაიგვიანეს და დილშოდამ მათთვის მიკითხვა გადაწყვიტა, მაგრამ როცა სახლში მივიდა, იქ არავინ დახვდა, მალე კი გოგონები იქ პოლიციასთან ერთად მივიდნენ.

 

გოგონები ჰყვებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ წერილობით ჩამოართვეს ჩვენებები:

 

„ყველაფერი ვუამბეთ პოლიციას, როგორ აღმოვჩნდით ბათუმში და როგორ წაგვართვა პასპორტები. ვითხოვდით, რომ დაებრუნებინათ უკან ჩვენი პასპორტები და ის 500-500 დოლარი, რომელიც დილშოდას გადავუხადეთ, რომ უკან დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში“.

 

პოლიციამ ჩვენება დილშოდა მანსუროვასაც ჩამოართვა, რომელმაც განაცხადა, რომ გოგონებს მისი ვალი ჰქონდა 4000 დოლარი, რაც მან მათ ჩამოყვანასა და საქართველოში დაბინავებაში დახარჯა.

 

„სინამდვილეში მას ეს ფული არ დაუხარჯავს, თვითმფრინავის ბილეთი 300 დოლარზე ცოტა მეტი ღირდა და ჩვენ მას 500-500 დოლარი მივეცით, მაგრამ პოლიციაში გვითხრეს – „ეს ამას ამბობს და თქვენ – სხვას და ვის დავუჯერეთო?“ მე ვუთხარი, მომეცით ჩემი პასპორტი და ფული და წავალ ჩემს ქვეყანაში მეთქი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა – „აქ უზბეკეთი არ არის, მე უკეთესად ვიცი, რაც უნდა ვქნაო,“ – ამბობს უმიდა.

 

პოლიციამ გოგონებს პასპორტები დაუბრუნა, თუმცა პასპორტის გარეშე დარჩა უმიდა, იმის გამო, რომ მისი დოკუმენტი დახეული იყო.

 

„პოლიციაში გვითხრეს, რომ დილშოდას დააჯარიმებდნენ 1000 დოლარით, ჩვენ კი ისევ იმ სახლში დავბრუნებულიყავით მასთან ერთად. ერთ-ერთმა პოლიციელმა მოგვცა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი და გვითხრა, რომ თუ რამე მოხდებოდა, მისთვის დაგვერეკა. მე კი დამპირდა, რომ ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ ჩემს პასპორტს და ამის შემდეგ დამიბრუნებდნენ უკან დოკუმენტს“, – ამბობს უმიდა.

 

უმიდას თქმით, საშიში იყო დილშოდასთან ერთად იმ სახლში დაბრუნება, ამიტომ მან და სეიდამ თბილისში გამგზავრება გადაწყვიტეს.

 

„დედაჩემი დაუკავშირდა უზბეკეთში ორგანიზაციას, რომელიც ტრეფიკინგის საკითხებზე მუშაობს და მათი საშუალებით დავუკავშირდით საქართველოში „ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოებას“, რომელიც დაგვეხმარა,“ – ამბობს უმიდა.

 

უმიდა და სეიდა თბილისში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც დღემდე ცხოვრობენ.

გოგონების თქმით, მათ ამ და სხვა დისკოკლუბებში მუშაობას აიძულებდნენ

 

არის თუ არა ეს ტრეფიკინგი?

 

უმიდა ბათუმის პოლიციაში 21 მარტს დაიბარეს, სადაც მას თან „ბათუმელების“ ჟურნალისტიც ახლდა. ბათუმის პოლიციაში ამ საქმის გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით არ მიმდინარეობს.

 

გოგონებს არ აქვთ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, რაც მათ საშუალებას მისცემდა ესარგებლათ ტრეფიკინგის მხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრითა და კომპენსაციით, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის.

 

ოთხი უზბეკი გოგონას სექს-ინდუსტრიაში ჩართვის საქმეს, ბათუმის პირველი განყოფილების პოლიციელი ედუარდ აბუსელიძე იძიებს. ის ამბობს, რომ კომენტარისთვის სამინისტროს პრეს-ცენტრს უნდა დავუკავშირდეთ.

 

პრესცენტრში უარი უთხრეს “ბათუმელებს” საქმის გამომძიებლის ჩაწერაზე, თავად კი ასეთ განცხადებას აკეთებენ: 

 

“საქმე აღძრულია იძულების მუხლით. გოგონებმა პოლიციას მიმართეს 15 მარტს. პოლიციის ჩარევის შემდეგ ოთხივეს დაუბრუნდა პასპორტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ტრეფიკინგს – ჯერჯერობით საქმე არ არის ამ მუხლით აღძრული. შეიძლება გამოიკვეთოს ახალი გარემოება და გადაკვალიფიცირდეს მუხლი. ეს არ ნიშნავს, რომ ასე დამთავრდება გამოძიება. დეტალებზე მეტს ვერ ვისაუბრებთ”.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (იძულება) ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”.

 

„ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა, რომელიც წლებია ტრეფიკინგის საკითხებზე მუშაობს საქართველოში, ამბობს, რომ სახეზეა ტრეფიკინგი:

 

„გადაბირება იყო, მუქარა იყო, ტრანსპორტირება იყო, პასპორტის ჩამორთმევა იყო, რასაც გულისხმობს ტრეფიკინგი. ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ექსპლუატაციას, რადგან გოგონებმა, საბედნიეროდ, მოახერხეს თავის დაცვა“.

 

ნაზაროვას თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიცია ტრეფიკინგის მუხლით არ აწარმოებს ამ საქმის გამოძიებას, ორ რამეზე შეიძლება მოასწავებდეს:

 

„ან პოლიციელს არ აქვს შესაბამისი განათლება და ცოდნა, თუ რა არის ტრეფიკინგი, ან უარეს შემთხვევაში, პოლიცია შეკრულია ტრეფიკერებთან“.

 

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უზბეკეთის მოქალაქეები საქართველოში ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები:

 

„ბოლო სამ წელიწადში 4000 საქმეა აღძრული უზბეკეთში ტრეფიკინგის მუხლით და ძალიან მძიმე განაჩენებია დამდგარი, მაღალი სასჯელებით. საქართველოში არსებული მსხვერპლების რაოდენობა უზბეკეთიდან ემთხვევა სამხრეთ კორეაში მხვერპლების რაოდენობას. მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე უზბეკეთში 306 მსხვერპლი ჰყავთ საქართველოდან“, – ამბობს ნანა ნაზაროვა.

 

საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში ტრეფიკინგის შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. შსს-დან მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე დაფიქსირებულია ტრეფიკინგის მხოლოდ ორი შემთხვევა (ერთი ნოემბერში და ერთი – თებერვალში), ორივე გაუხსნელია.

 

ნაზაროვა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება საქართველოში ტრეფიკინგის მუხლით სისხლის სამართლის საქმეების წარმოება, მაშინ, როცა აშკარად სახეზეა ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებში ტრეფიკინგის ნიშნები:

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს ტრეფიკინგის შესახებ მონაცემებს და ამის შემდეგ აკეთებს ანალიზს, რომელ კალათაში მიუჩინოს ქვეყანას ადგილი. როცა დეპარტამენტი უზბეკეთიდან მიიღებს მონაცემებს, თუ რამდენი მოქალაქე გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოში და საქართველოდან არ იქნება შესაბამისი მონაცემები, რა დასკვნას გამოიტანენ? – საქართველოს მოუწევს ისევ მესამე კალათაში დაბრუნება“.

 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ ქვეყნების მიხედვით გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 18 ადამიანს, თავშესაფრით ისარგებლა 20-მა ადამიანმა, ხოლო ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადეს 6 მსხვერპლს (თითოს – 650 აშშ დოლარი).

 

2012 წლის მონაცემებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს.

 

“როდესაც ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლები სტატუსის მისაღებად მიმართავენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფო ფონდს საქართველოში, იმ დღეების განმავლობაში, სანამ არ მოხდება მათი იდენტიფიკაცია, მათ თავად უნდა უზრუნველყონ თავიანთი საცხოვრებელი პირობები. თუკი ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ არ აქვთ საცხოვრებელი სახლი საქართველოში, ქუჩაში რჩებიან. ტრეფიკინგის შემთხვევაში, ისინი ტრეფიკერებისგან გარბიან უფულოდ და ხშირად საკუთარი ნივთების გარეშეც კი. სად უნდა წავიდნენ? რა უნდა იღონონ? საქართველოში მათთვის არ არსებობს თავშესაფარი. ამიტომაც არის ჩვენთან ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების დაბალი მაჩვენებელი”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.

 

რას აპირებენ გოგონები

 

ოთხიდან ერთი გოგონა საქართველოდან უკვე გაემგზავრა. ერთი ამ დრომდე ბათუმში რჩება – მისი მეგობრები ამბობენ, რომ იგი კლუბში მუშაობას დათანხმდა. “ბათუმელებმა” მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

 

მალე თავშესაფარს დატოვებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან უმიდა და სეიდა.

 

„ხშირად მქონდა გაგებული ასეთი ამბები, რომ ადამიანები მიჰყავთ საზღვარგარეთ მოტყუებით და ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები, მაგრამ ეს ქალი ისე საუბრობდა, რომ დამარწმუნა, კარგ სამსახურს ვიშოვიდი და რამდენიმე თვის შემდეგ შევძლებდი ჩემი შვილისთვის ოპერაციის თანხის ნაწილის შეგროვებას“, – ამბობს უმიდა.

 

„აქ ისეთი გაკვეთილი მივიღე, აწი არსად აღარ წავალ ჩემი ქვეყნიდან“, – ამბობს სეიდა.

 

გოგონები ამბობენ, რომ უზბეკეთში მათ უკვე ელოდება პოლიცია, სადაც დილშოდა მანსუროვას წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ და ბოლომდე იბრძოლებენ იმისათვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

 

დილშოდა მანსუროვამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ჟურნალისტებს მხოლოდ პოლიციაში შეხვდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამას პოლიცია ურჩევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *