საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და ილია მეორის შეხვედრის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ილია მეორის შეხვედრის აუდიოჩანაწერს. აუდიოს მიხედვით, შეხვედრის ჩაწერის ინიციატორი თავად ილია მეორეა.

“სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიოჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა. საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ აუდიოჩანაწერის თაობაზე დღეს, 23 ივნისს, კომენტარი გააკეთა  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. მისი განცხადებით, აუდიოჩანაწერმა ბევრი კითხვა გააჩინა.

“ჩემთვის როგორც ცნობილია, ეს იყო [იწერებოდა] არა მარტო აუდიო, არამედ ვიდეოჩანაწერი. თუ გასაჯაროებაა, სრულიად უნდა გასაჯაროვდეს. მამა დავით ჭინჭარაული როგორ აჩერებდა დეკანოზის ძმას, ეს აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება. არც ის, როგორ გაოცებული უსმენდა პატრიარქი თორნიკე მამალაძეს, როცა სიმართლე ესმოდა. ჩანაწერის გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ,” – ამბობს ფანცულაია.