“მე ჩავაბარე ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ აღგვიდგეს ავტორიზაცია, რომელიც ჩამოგვერთვა უკანონოდ. ვადები არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც მინისტრი დამპირდა სრულ მხარდაჭერას ამ პროცესში, ვიმედოვნებ, რომ საბჭო განიხილავს ამ საკითხს რამოდენიმე დღეში”, – აცხადებს ლაშა გოცირიძე.
განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აქციის პარალელურად სტუდენტებმა სამინსიტროში დოკუმენტი ჩააბარეს. მათი განცხადებით, ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ უნივერსიტეტში ყველა ხარვეზი გამოსწორებულია.
განათლების სამინისტროსთან აქცია 16:00 საათზე დაიწყო. აგრარული უნივერსიტეტის გარდა აქციაზე მივიდნენ: შავი ზღვის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ტრანსპარანტებით- “ჩვენ ვიცავთ ხარისხიანი განათლების უფლებას”, “ეს ჩვენც გვეხება”, მოვითხოვთ აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება წელს ჩააბარონ აგრარულ უნივერსიტეტში”
სტუდენტები გამოეხმაურნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული სექტორის შექმნასთან დაკავშირებით:
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა ხარისხის ეროვნულმა საბჭომ, არის აბსურდულ მიზეზებზე დაფუძნებული. მინისტრის სხვა შეთავაზებები და ინიციატივები, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების გადაფარვაა და არა გამოსავლის პოვნა, რაც, მე ვფიქრობ, სტუდენტების მოთხოვნებს მაინც ეწინააღდეგება”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი კავშირი “დროას” წარმომადგენელი ნათია ქოქოსაძე.
“ჩვენ არ გვჭირდება ახალი უნივერსიტეტი, ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ გვჯერა, აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია ყველაზე კარგი და ხარისხიანი განათლება მოგვცეს”, – განაცხადა ერთ–ერთმა სტუდენტმა ნინო ხასიამ.
სტუდენტები მშვიდობიანი აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ საბჭო ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
