საიას ვარაუდით საჯარო რეესტრიდან თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს

საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ არც ერთ გათავისუფლებულ პირს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ამ დრომდე არ ჩაბარებია. 

 

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ გათავისუფლებულ პირს – მუხრან ბურჭულაძეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელშიც თავშეკავებულობის, კორექტულობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებდა, საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებების შემცველი წერილი, რომელიც სოციალურ ქსელ facebook–ის საშუალებით გავრცელდა, “არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად – გაფრთხილებად. ამასთან, აღნიშნული მოწოდების შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა, ამა  თუ იმ პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა ან აღნიშნულის თაობაზე საჯაროდ განცხადებების გაკეთება.”

 

დავით ჯანდიერის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ თანამშრომლების- იმედო არჯევანიძისა და მანანა ნატროშვილის გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი თავდაპირველად არ დაეთანხმა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა, ვინაიდან აღნიშნული პირები სხვა თანამშრომკლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. საია აღნიშნავს, რომ გაფიცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს მოწოდებები არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის დარღვევად, ხოლო იმ თანამდებობის გათვალისწინებით, რომელსაც ეს პირები იკავებდნენ, მათი გათავისუფლების საკითხში იუსტიციის მინისტრის ჩარევა არ უნდა მომხდარიყო:

 

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და მის მოადგილეებს. როგორც ცნობილია, ქალბატონი მანანა ნატროშვილი არ წარმოადგენს ასეთ თანამდებობის პირს და, შესაბამისად, მის მიმართ გაუგებარია რატომ ჩაერია მინისტრი სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციაში”, – ნათქვამია განცხაადებაში.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ განხორციელებულა.