„გათბობის სისტემის გაუმართავი მუშაობა და ხშირი გამოსვლა მწყობრიდან ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს შენობის ინტერიერს, ვერ ხერხდება რომანოვების სასახლეში არსებული კულტურული ფასეულობების შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
სასახლის სახურავიდან ჩამოდის წყალი, რომელიც აზიანებს შენობის კედლებს. ასევე, წვიმისა და თოვლის დროს, მეორე სართულის ვერანდიდან პირველი სართულის დიდ დარბაზში, სახურავის მთლიან პერიმეტრზე ხდება წყლის ჩამოჟონვა.
პარკში დარგულ უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეებს მოედო დაავადება, სახეზეა მათი ხმობის პროცესი“, – აცხადებს შპს „ლიკანის რეზიდენცია“, რომელიც ლიკანში, რომანოვების სასახლის კომპლექსის“ სარეაბილიტაციო-საპროექტო მომსახურების შესყიდვას შეზღუდულ ვადებში, ტენდერის გარეშე ითხოვს.
„საპროექტო მომსახურების შესყიდვის დროული დაწყების შემთხვევაში, ზამთრის პერიოდამდე დაიწყება სამშენებლო სამუშაოებიც, აღნიშნული ფასეულობები მშენებლობის პერიოდში დროებით გადანაწილდება სხვადასხვა მუზეუმებში. ასევე, მხოლოდ პარკის დაგეგმარების შემდგომ იქნება შესაძლებელი ხე-მცენარეების, მწვანე საფარისა და ბილიკების განლაგების განსაზღვრა“, – აღნიშნულია „ლიკანის რეზიდენციიის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.
შპს „ლიკანის რეზიდენცია“, როგორც შვილობილი კომპანია, სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2017 წლის აპრილში დააფუძნა. ამ კომპანიას ფონდმა უსასყიდლო სარგებლობაში გადასცა „რომანოვების სასახლის კომპლექსი“.
თავის მხრივ, აღნიშნული კომპლექსი საპარტნიორო ფონდს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნაგობისა და თხოვების უფლებით იმ პირობით გადასცა, რომ ფონდი სააგენტოსთან შეთანხმებით განახორციელებს ამ კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
„ლიკანის რეზიდენციაში“ აცხადებენ, რომ კომპლექსი შედგება სასახლის, პარკის, საკონფერენციო ბლოკის [ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის] და ორანჟერეისაგან; ძეგლის რეაბილიტაციისათვის კი აუცილებელია საპროექტო დოკუმენტაციის [არქიტექტურული საპროექტო, საინჟინრო საპროექტო, პარკის მოწყობისა და დაგეგმარების] მომზადება. ამ დოკუმენტაციის მომზადებისთვის 771 ათასი ლარია გათვალისწინებიული. პროექტი 2017 წლის ივნისიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მომზადდეს.
შესყიდვების სააგენტომ „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია „ლიკანის რეზიდენციას“ პასუხი, სამი კომპანიის მიერ პროექტის ერთობლივად მომზადება-არმომზადების თაობაზე, 8 ივნისამდე უნდა გასცეს.
სს „საპარტნიორო ფონდი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა” და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.
