ახალი ამბები

გიორგი მიქელაძე: “იმედის” წილის მფლობელი მერაბიშვილის მუქარით გავხდი

28 თებერვალი, 2013 • 3303
გიორგი მიქელაძე: “იმედის” წილის მფლობელი მერაბიშვილის მუქარით გავხდი

ჩვენებაში მიქელაძე აღნიშნავს, რომ  2011 წლის ნოემბრის თვეში “იმედის” თემასთან დაკავშირებით იგი ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს–ს ახალ შენობაში დაიბარა:

“სხვა ჩვენ გარდა არავინ ესწრებოდა შეხვედრას და მითხრა, რომ პანამაში არსებობდა კომპანია “რააქ ჯორჯია ჰოლდინგი”, რომელიც ფლობდა “ჯორჯიან მედია პროდაქშენის” 90%–იან წილს (ტელეკომპანია იმედის დამფუძნებლის) და აღნიშნული წილიდან გარკვეული ნაწილი უნდა შემეძინა მე. რა თქმა უნდა, ფორმალურად გავფორმებულიყავი წილის მფლობელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემუქრა ჩემი “ბიზნესის” ლიკვიდაციით და ამასთან, გამაფრთხილა, რომ ყველაფერი მარტო ბიზნესის წართმევით არ დამთავრდებოდა, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან იყო მუქარა”, – ნათქვამია ჩვენებაში.

მიქელაძე აღნიშნავს, რომ მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ იგი შეხვდა იმედის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს, რომელიც მისი და მერაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და რომლის სახელი და გვარიც დოკუმენტაციის გაფორმებისას წილის გამყიდველის გრაფაში იყო მითითებული.

გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ მას არ უნდოდა აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მუქარის გამო ფიქტიურად გახდა 15%–იანი წილის მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ წილის სანაცვლოდ არავითარი თანხა არ გადაუხდია და მომავალში არც არანაირი შემოსავალი მიუღია. 2012 წლის ოქტომბერში კი საკუთარი წილი უსასყიდლოდ დათმო ინა გუდავაძის სასარგებლოდ.

ტელეკომპანია “იმედის” საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა გიორგი არველაძე, ასევე, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც ბრალდებულად იქნენ ცნობილი. დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიგი უგულავასთვის პროკურატურა 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი