ახალი ამბები

ჯეჯელავა: NGO-ების მითითებები ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საფრთხეებზე უნდა განვიხილოთ

1 ივნისი, 2017 • 3688
ჯეჯელავა: NGO-ების მითითებები ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საფრთხეებზე უნდა განვიხილოთ

საქართველოს ვიცეპრემიერმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ უნდა შეისწავლონ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის საფრთხეები.

“ხელისუფლების მიმართება ამ საქმესთან მიმართებაში, ისე როგორც ყველა სხვა საქმესთან მიმართებით, არის კანონთან სრული შესაბამისობით. ვაპირებთ, რომ ვიმოქმედოთ. უნდა დადგინდეს, რამდენად საფუძვლიანია საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები ექსტრადიცისიის საფრთხესთან დაკავშირებით და რამდენად უნდა განიხილოს ქართულმა სახელმწიფომ ამ ადამიანის გადაცემა, ესეც კომპეტენტური ორგანოების სამუშაოა. უცხოური ორგანიზაციების დაინტერესება მიღებული იქნება. პროცესში დიდი ყურადღება ექცევა, რა თქმა უნდა, მათ შორის “ამნესტი ინერნეშენალის” მოთხოვნას და მითითებას და ასე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ყველაფერზე დაყრდნობით”, – განუცხადა “მაესტროს კონტაქტს” ალექსნადრე ჯეჯელავამ.


არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამინური მოპყრობის, დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაბუქი პირველი ადამიანი არ არის, რომელსაც, სავარაუდოდ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში აკავებენ ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე  ცოტა ხნის წინ დააკავეს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი