საქართველოს პრეზიდენტმა მის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითქოსდა “თიბისი ბანკი” შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – ალფა ბანკმა.
ამ ინფორმაციას თიბისი ბანკი უარყოფს.
,,გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ თიბისი ბანკი არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან,, – ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადებას ასევე გამოეხმაურა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ამ თემაზე კომენტარი:
“ძვირფასო მეგობრებო, ახლახან ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ “სბერბანკთან” „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. “ლიბერთი ბანკს” წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს”.
„რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც “ლიბერთი ბანკი”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, იყიდა “სბერბანკმა”, რუსეთის სახელმწიფო ბანკმა, ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულბს “თი ბი სი” ბანკს. ნუ “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 26 თებერვალს ტელეჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
