“ეს ნიშნავს, რომ ვბრუნდებით მე-19 საუკუნეში, თუმცა მე-19 საუკუნეშიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ამას არ აკეთებდნენ. ყველა მიხვდება, რა უაზრობასთან გვაქვს საქმე და რა ნონსენსია ეს”, – ასე შეაფასა კუბლაშვილმა ფოთის მოსამართლის მიმართ პროკურატურის მიერ დაწყებული მოკვლევა.
“ფოთში მოსამართლე მოწმედ დაიბარეს დასაკითხად იმ საქმეზე, რომელიც მის მიერ იყო განხილული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას, ამის უფლება არავის ჰქონდა”, – აცხადებს კუბლაშვილი.
მთავარი პროკურორის განცხადებით, ფოთის მოსამართლესთან დაკავშირებით არის გასარკვევი ის საკითხი, რომ მან ერთ პირს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა მაშინ, როცა ამნისტიის აქტი იყო გამოსული და ეს პირი თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან.
“როცა პირი ამნისტიით გათავისუფლებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და მისი დაპატიმრება ხდება, ეს თავისთავად უკანონო პატიმრობას ნიშნავს. უკანონო პატიმრობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ეს საკითხი პროკურატურის მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ამიტომაც ვალდებული ვართ გამოვიძიოთ. ეს მოსამართლე დღესაც მოსამართლეა. მოწმის სახით მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს და გავარკვიოთ, რასთან გვქონდა საქმე,” – აცხადებს კბილაშვილი.
კუბლაშვილის თქმით, ამნისტიიდან გამომდინარე, 50 ათას საქმეს იხილავენ მოსამართლეები:
“და შესაძლებელია სიჩქარის გამო მათ შეცდომებიც მოუვიდეთ. ზოგიერთი შეცდომა უზენაესმა გაასწორა. ვინც ეს შეცდომები დაუშვა, ყველას მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება?” – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
კოტე კუბლაშვილი ასევე გამოეხმაურა იურიდიული განათლების არმქონე მოსამართლეების შესახებ პროკურატურის მიერ დაწყებულ მოკვლევას:
“მოგეხსენებათ, 2 მოსამართლის შესახებ პირადი საქმეები გამოითხოვა პროკურატურამ. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეამოწმა ეს დიპლომები. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით უნდა გასაჩივრდეს ეს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს სამართლებრივად. იმედი მაქვს, ჩვენს მართლმსაჯულებაში ასეთი რამ აღარ მოხდება”, – აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
მთავარი პროკურორის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლში წერია, რომ მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს ის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მისი თქმით, პროკურატურა დაინტერესდება, ვინ მიიღო ამ მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილება: “გამოეპარა, არ გადაამოწმა, თუ გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს. ეს ყველაფერი არის შეფასების საგანი.”