“თუ დაკითხვაზე მივიდა ადამიანი, ანდა ვინმეს დაკავებაზეა საუბარი, თურმე ეს უკავშირდება საკონსტუტიციო უმრავლესობას. მერწმუნეთ, რომ გვქონდეს იმის სურვილი, იმის ნება, ეს გადაწყვეტილება რომ არსებობდეს, რომ უნდა რაიმეს ფასად გვქონდეს საკონსტუტიციო უმრავლესობა და ამ სიბინძურეზე რომ ვიყოთ ხელისმომწერი, ამას გავაკეთებდით და ძალიან ბევრი ადამიანი მისცემდა ხმას ნებისმიერ კანონს უმცირესობიდან. ამას არავინ არ აკეთებს, ამას არავინ არ ცდილობს და, მე მგონი, ამას კარგად ხედავს ყველა,” – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას გიგი უგულავასთვის ბრალდების წაყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უმცირესობის მტკიცებით, ხელისუფლების ზეწოლა საკონსტუტიციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობაა.
საგანელიძე აცხადებს, რომ თბილისში ბევრი რამ ხდებოდა, რასაც არ იძიებდნენ. მისივე თქმით, პროკურატურის დასკვნები, ალბათ, ამაზე დაყრდნობით კეთდება:
“ის წლები, რომლებიც გიგი უგულავა იყო და არის ჯერჯერობით ქალაქის მერი, ჩვენ ვიცით, რომ ქალაქში ხდებოდა ძალიან ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ იყო, ან ვიცოდით და ამაზე არაფერი არ იწერებოდა და ამ საქმეს არავინ არ იკვლევდა. დღეს ყველაფერს იკვლევენ, დღეს ყველგან ჩაწვდნენ, გაარკვიეს როგორ ხდებოდა რაღაცეების წართმევა, რაღაცეების გაყიდვა, რაღაც ტენდერები, ადამიანების ვითომ დასაქმება და, შესაბამისად, ამაზეა ალბათ დამოკიდებული ის დასკვნები, რასაც აკეთებს პროკურატურა. “ნაციონალურ მოძრაობას” კი უნდა ყველა ის საკითხი, რომელიც ვერ მოყვა და არ მოყვება საერთო ამნისტიაში და უპირობო ამნისტიაში, მიაწეროს იმას, რომ რომელიღაც კანონთან დაკავშირებით ხმა არ ყოფნის უმრავლესობას და ამასთანაა დაკავშირებული, ამ სპეკულაციას, ძალიან გთხოვთ, დაანებოს ყველამ თავი. “
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმცირესობამ უგულავას დაკითხვაზე დაბარების გამო პარლამენტი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. აღნიშნული ქმედების გამო საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებისთვის კენჭისყრა გადადო