ხელშეკრულება თურქეთთან მის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რეაბილიტაციისთვის

თურქეთი და საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის, შენარჩუნებისა და დაცვისათვის ერთობლივად იმუშავებენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას განახორციელებენ, ასევე შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას;

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.

“ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა,” – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.