გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებული ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნო 1 პირი, ხოლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის – საქართველოს საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი კიდევ ერთი პირი. ჯამში, სასამართლომ 7 პირს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. 19 მაისის განაჩენით:

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები.

2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს, ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 20 აგვისტოს ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ლ.მ. რომელმაც დანაშაულის აღსაკვეთად რეაგირება არ მოახდინა. ასევე აღნიშნულზე ინფორმაციას ფლობდა ი. ბ. და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.