ამ საკითხზე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
“წლების განმავლობაში რეგიონებში თანხები ისე იხარჯებოდა, რომ რეგიონალური პროექტების განხორციელების წესი არ არსებობდა. ჩვენ მოვამზადეთ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში პროექტების წარმოდგენის, განხილვის და დამტკიცების ერთიანი პროცედურები. რაც მოიცავს იმას, რომ პროექტები მოდის ქვემოდან, ადგილობრივი თვითმმართველობები წარმოადგენენ განსახორციელებელ პროგრამებს და პროექტებს, მათი საჭიროებების მიხედვით. შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც განიხილავს ამ პროექტებს. პროექტები მზადდება ერთიანი, დამტკიცებული ფონდით. ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა ეს თანხა და ჩვენ დავიწყებთ აქტიურად მუშაობას” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დამტკიცდა ასევე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის განახლებული შემადგენლობა, რომელიც რეგიონებიდან შემოსულ პროექტებს განიხილავს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს. სამთავრობო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა და პროექტების შემოტანის ბოლო ვადად მან 11 მარტის 16:00 საათი დაადგინა.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი.
განისაზღვრა საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც – ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის წარმდგენია თვითმმართველობა, ის უნდა მოიცავდეს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ხოლო რეგიონული პროექტის შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში რამდენიმე მუნიციპალიტეტი შედიოდეს.
პროექტის ინიცირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით (მათ შორის, რეგიონულ პროექტზეც) მიღებული ჰქონდეს საკრებულოს. პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და განხილვის პროცესში, სასურველია, ჩართული იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი.
პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პროექტის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები; პროექტის გახორციელების საჭიროების დასაბუთება; პროექტის გახორციელების სავარაუდო ვადები; მოსარგებლეები და მოსალოდნელი შედეგები;პროექტის სავარაუდო ღირებულება.
თვითმმართველი ერთეული ან გუბერნატორი პროექტს წარადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო სამინისტრო მას განსახილველად უგზავნის რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას. კომისია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს მოწონებული პროექტის დაფინანსება.
მოხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მკაცრი მონიტორინგი, რათა ფონდიდან მიღებული თანხა მიზნობრივად გაიხარჯოს.
ამისათვის პროექტის ავტორი (თვითმმართველი ერთეული (მუნიციპალიტეტი) ან გუბერნატორი) პროექტის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის გახორციელების შედეგების შესახებ.
რეგიონული განვითარების სამინისტრო იღებს ვალდებულებას, წელიწადში ორჯერ მოამზადოს და გამოაქვეყნოს ანგარიში გახორციელებული პროექტების თაობაზე. ამავდროულად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ვალდებულია, მოამზადოს და მთავრობას წარუდგინოს პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები.




