ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას 2018-2021 წლებში დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე აირჩიეს.

კანდიდატად პოლოლიკაშვილი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ტურიზმის განვითარებაზე.