მოხის “სადავო ნაგებობა” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადასცეს

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ‘მოხის კომისიამ” ორწლიანი მუშაობა დაასრულა, მოხეში მდებარე შენობას “სადავო ნაგებობის” სტატუსი მიანიჭა და არც ერთ კონფესიას -არც მართლმდიდებელ ეკლესიას და არც მუსლიმ თემს არ მიაკუთვნა.

სააგენტოს 11 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, მოხის სადავო ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა, რომელმაც ძეგლს უნდა მოუაროს და დაიცვას.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუსლიმ თემს გადასცეს მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა აშენდეს ახალი მეჩეთი, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს, რომ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობაში დაეხმაროს.

სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა, ჯამბულ აბულაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გულდაწყვეტილია სააგენტოს გადაწყვეტილებით, რადგან მუსლიმი თემი დაიჩაგრა. აბულაძე ამბობს, რომ რაც სურდათ მუსლიმებს – ამ შენობის მესაკუთრის დადგენა, ეს ამოცანა შეუსრულებელი დარჩა.

“2 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია კომისიას, მხოლოდ შეკრებებით შემოიფარგლებოდა. ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ყველა საშუალება არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული შენობა გამოკვლეულიყო. ყველასთვის ნათელი იქნებოდა პასუხი.  ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე დღევანდელი ეს გადაწყვეტილება. მაშინ რას ემსახურებოდა ამ კომისიის 2-წლიანი სხდომები”, – ამბობს აბულაძე.

ჯამბულ აბულაძისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მიიღო სააგენტომ ასეთი გადაწყვტილება ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მეჩეთებს სახელმწიფო არ უნდა აშენებდეს და მოხეში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების სურვილი არ ყოფილა ახალი მეჩეთის აშენება, მათ ამ ნაგებობის მესაკუთრისა და წარმომავლობის დადგენა უნდოდათ.

“თუ სახელმწიფო ინერტულია და ვერ აკეთებს დასკვნებს, არ უფრთხილდება ისტორიულ მემკვიდრეობას, უგულებელყოფს სომხური ეკლესიის ძველ სალოცავებს, სინაგოგებს, კათოლიკურ ეკლესიებს, არ უვლის, არ პატრონობს და მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიების მოვლით შემოიფარგლება, როგორ ფიქრობთ, ასეთ უსამართლო ქვეყანაში ჩვენს ქვეყანას განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია? უსამართლო ადამიანების ხელში ძალიან რთულია ცხოვრება და შემდეგ განვითარება დამატებით”, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო.

სწორედ ამ დავის გადასაჭრელად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის კომისია შექმნა. 2016 წლის 3 ნოემბერს კომისიამ დაადგინა, რომ სადავო ნაგებობა არ გადაეცემოდა არც მუსლიმ და არც ქრისტიან მრევლს. სამომავლოდ კი კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებდა კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლებოდა დაკისრებოდა შენობას.

1 დეკემბერს მოხის კომისიამ გადაწყვიტა, რომ მუსლიმი თემისთვის შეეთავაზებინათ კონკრეტული ტერიტორიები, სადაც შეეძლებოდათ, ახალი მეჩეთი აეშენებინათ. მუსლიმი თემი კი უნდობლობას უცხადებს როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, ასვეე, მოხის კომისიას. ის სახელმწიფოს სთხოვს, სამართლიანად გადაწყვიტოს სადავო ნაგებობის ბედი.


 

ფაქტები მოხის სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით: